ამირან გამყრელიძე - გთხოვთ, აპრილის თვე მოკრძალებულად გავიაროთ, რადგან სააღდგომო დღესასწაულს მშვიდად შევხვდეთ და შემზღუდველი ღონისძიებების დაწესება საჭირო არ გახდეს
ყველას გთხოვთ, აპრილის თვე გავიაროთ რაც შეიძლება მოკრძალებულად, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები, რადგან სააღდგომო დღესასწაულს შევხვდეთ მშვიდად, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია თუ გაუარესდა, შესაძლოა, წინასააღდგომოდ სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიების დაწესება გახდეს საჭირო.
სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად, გამყრელიძე მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებს, აუცილებელი რეკომენდაციები დაიცვან.
„დაახლოებით ისეთი ეპიდსიტუაცია თუ იქნება, როგორიც დღეს ქვეყანაშია (რა თქმა უნდა, დღეში 400, 500, 600 შემთხვევა კარგი არ არის, მაგრამ ვითარება მართვადია) და სერიოზულ ნახტომისებრ ზრდაში არ გადავიდა, ამ ფარგლებში თუ შევინარჩუნეთ შემთხვევები, მაშინ წინასააღდგომო შეზღუდვები ქვეყანას არ დასჭირდება. მაგრამ კლასტერები, რაც დღეს გვაქვს, თუ გამრავლდა და კორონავირუსის შემთხვევების საყოველთაო შიდა გავრცელება იქნა, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანას დასჭირდება სხვადასხვა შემზღუდველი ღონისძიების შემოტანა, რაც ორმაგად დამთრგუნველია, განსაკუთრებით წინასააღდგომო თუ აღდგომის შემდგომ პერიოდში. ამიტომ, ყველას მოგიწოდებთ მარტივი რეკომენდაციების დაცვისკენ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.