ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსი მეტი ინტენსივობით დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება
ამირან გამყრელიძე - გრიპის ვირუსი მეტი ინტენსივობით დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება

შარშანდელთან შედარებით, წელს დეკემბრის შუა რიცხვებში გრიპთან მიმართებით უფრო რბილი ვითარებაა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მეტი ინტენსივობით გრიპის ვირუსი დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება.

გამყრელიძე მოუწოდებს რისკჯგუფებში შემავალ პირებს, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარონ.

„დღევანდელი მონაცემები დღეს საღამოს დაიდება, ანუ ყოველკვირეული მონიტორინგის მონაცემები დაიდება. როგორც გასულ ორშაბათს გამოჩნდა, პირველად ამ სეზონზე ბე გრიპის ვირუსმა დაიწყო ცირკულირება. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ და გთხოვთ ყველას, მათ შორის ჟურნალისტებს, პრევენციული ღონისძიებები გრიპზეც ისევე მოქმედებს და დიდი ალბათობით, შესაძლებელია გრიპის სეზონი უფრო რბილი იყოს, ვიდრე შარშან, შარშან წინ და ასე შემდეგ, რადგან მეტი დაწოლა არის კორონავირუსული ინფექციის მხრივ. მიუხედავად ამისა, აუცილებელია გრიპის საწინააღმდეგოდ აცრა. რისკჯგუფებს დავამატეთ ტაქსის მძღოლები, რომლებიც ახლო შეხებაში არიან ადამიანებთან და მათ თქვენი საშუალებით მივმართავ, მიბრძანდნენ პოლიკლინიკებში. ასევე დამატებული არიან სკოლის მასწავლებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამეთუ 40 000-მდე დოზა გრიპის ვაქცინისა მარაგში ჯერ კიდევ არის. ვისარგებლოთ ამით, რადგან მეტი ინტენსივობით გრიპის ვირუსი დეკემბრის ბოლოს, იანვრის პირველ რიცხვებში გამოჩნდება. კიდევ ერთხელ გთხოვთ, განსაკუთრებით რისკჯგუფებს, ორსულ ქალბატონებს, მიბრძანდით პოლიკლინიკებში და გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცარით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.