ამირან გამყრელიძე გენადი ონიშენკოს მიმართავს - კარგად იცი, რითაც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის დუმის დეპუტატ გენადი ონიშენკოს მიმართავს.
ამირან გამყრელიძემ დღეს „ფეისბუქლაივის“ დროს კითხვას უპასუხა, რომელიც რუსული მხარის, საგარეო უწყებისა და დეპუტატ ონიშენკოს მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის შესამოწმებლად რუსი ექსპერტების ყველა დონეზე დაშვებასთან დაკავშირებით.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, ის გენადი ონიშენკოს პირადად იცნობს.
როგორც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რუს ექსპერტებს შეუძლიათ, ეწვიონ ლუგარის ლაბორატორიას საერთაშორისო დელეგაციასთან ერთად.
„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ, რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითაც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ. მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.