ამირან გამყრელიძე - გავრცელებული ვირუსების 95 პროცენტი ე.წ. ღორის გრიპია
საავადმყოფოებში მიმართვიანობა და ვირუსის მძიმე შემთხვევების რიცხვი გაზრდილია, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, შემთხვევების გართულება ძირითადად გვიანი მიმართვით არის გამოწვეული. გამყრელიძე აცხადებს, რომ ვირუსების 95 პროცენტი ე.წ. ღორის გრიპია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ ორსულებს მოუწოდებს.
„როდესაც იწყება ტემპერატურა, მოსახლეობა ირჩევს თვითმკურნალობას. ძირითადად გართულებული შემთხვევები არის მაღალი რისკის ადამიანებში და ეს მაღალი რისკის ადამიანები არიან ქრონიკული დაავადებების მქონეები, ასთმით, ქრონიკული გულსისხლძარღვთა დაავადებებით.
ქვეყანაში ძირითადად, ჩვენი მონაცემებით, ახლა ცირკულირებს გრიპის ვირუსი და გახლავთ 95%-ის შემთხვევებში H1N1, ანუ ხალხურ ენაზე რასაც ეძახიან, „ღორის გრიპი“.
აქედან გამომდინარე, პირველივე სიმპტომების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში, როდესაც მომატებულია ტემპერატურა 38 ნახევარზე მეტი, მივმართოთ ოჯახის ექიმს და მოვიქცეთ ოჯახის ექიმის დანიშნულების მიხედვით.
ასევე განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ მოხუცები და ქრონიკული დაავადებებით ავადმყოფები. მივმართავ ორსულ ქალბატონებს, განსაკუთრებული სიფრთხილით იყვნენ. იწყება თუ არა ორსულებში მაღალი ტემპერატურა, მიმართონ ოჯახის ექიმს და მეან გინეკოლოგს და მათ მართონ შემდგომი პროცესი“,- განაცხადა გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას ურჩევს, გარდა ჩვეულებრივად არსებული და რეკომენდებული ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვისა, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებში ყოფნას.
„თუ აუცილებელია ეს, ვიყოთ პირბადით და მოვერიდოთ, რაც მთავარია გრიპიან და მაღალი ტემპერატურით ავადმყოფთან ახლო კონტაქტსა და ურთიერთობას. როდესაც ოჯახში გახლავთ ასეთი ავადმყოფი, სასურველია მისი, რამდენადაც საშუალებაა, იზოლირება“,- აღნიშნავს ამირან გამყრელიძე.