ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხის გადამოწმება
ორი თვის განმავლობაში, რაც მთავრობის მიერ შეზღუდვების გეგმაა შემუშავებული, მაქსიმალურად გაფართოვდება ინფექციის ადრეული გამოვლენა და იდენტიფიცირება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტებით, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამასთან, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსზე ანტიგენის სწრაფი ტესტის პასუხის გადამოწმება.
„როდესაც გვაქვს ლაბორატორიულად დადასტურებული 4 000 შემთხვევა, ანუ ეგრეთ წოდებული შეფასებითი მაჩვენებელი, ადამიანები ძირითადად მსუბუქი და უსიმპტომოები არიან და არ მიდიან გამოსაკვლევად. ამავე დროს, არიან გამავრცელებლები. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ადრეულ ეტაპზე მოხდეს გამოვლენა და იზოლირება. ეგრეთ წოდებული ჯაჭვი რომ გავწყვიტოთ, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ეტაპზე ყველა ინფიცირებულის გამოვლენას და იზოლირებას, იქნება ეს მსუბუქი, თუ უსიმპტომო პაციენტი.
ანტიგენით გამოვლენილი შემთხვევა უკვე აღარ ექვემდებარება გადამოწმებას, როგორც ეს გვქონდა გაზაფხულზე და ზაფხულში. თუმცა, მხოლოდ ორ შემთხვევაში შესაძლოა, მოხდეს გადამოწმება ექიმის გადაწყვეტილებით. ხაზგასმით აღვნიშნავ, თუ არის უსიმპტომო ადამიანი, ანტიგენი არის დადებითი და ექიმი თვლის, რომ საჭიროა გადამოწმება, ამ შემთხვევაში შესაძლოა, გადამოწმდეს. ან მეორე შემთხვევაში, თუ კორონავირუსის სიმპტომებია გამოხატული და ანტიგენი არის უარყოფითი, ისევ ექიმის დანიშნულებით შესაძლოა, ტესტი გადამოწმდეს. მაგრამ თუ ადამიანი სიმპტომებიანია, მცირე ან საშუალო სიმპტომებით და ანტიგენი დადებითია, მას არავითარი გადამოწმება აღარ სჭირდება. ამ შემთხვევაში ის ადამიანი და ოჯახის ექიმი მოქმედებენ იმ პროტოკოლით, როგორც არის ოქროს სტანდარტით, ანუ „პისიარით“ დადასტურების შემთხვევაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.