ამირან გამყრელიძე განმარტავს, ამ დროისთვის ვაქცინების რა მარაგები აქვს ქვეყანას და როდის განხორციელდება დამატებითი დოზების მოწოდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები რამდენიმე დღეში გადაწყდება.
გამყრელიძემ განმარტა, ამ დროისთვის ვაქცინების რა მარაგები აქვს ქვეყანას და როდის ელოდება დამატებით დოზებს.
„გარანტირებული მარაგების თვალსაზრისით შემიძლია გითხრათ, რომ შემოსულია ჯერ ხელუხლებელი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 43 000 დოზა, რომელიც გამოიყენება იმ დოზებთან ერთად, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს წინა 43 000-დან, ასევე შემოსულია 100 ათასი დოზა „სინოფარმი“, რომელიც გამოიყენება და საიდანაც პირველი 50 000-დან უკვე აცრილია (17 000 ადამიანი) ან ძირითადად დაჯავშნილია, დანარჩენი 50 000 ენახება პირველად აცრილ ადამიანს. ასევე, გვაქვს „სინოვაკის“ 100 000 დოზა, რომელიც განსაზღვრული იქნება 50 000 მოქალაქისთვის. დამატებით ველოდებით, სწორედ რამდენიმე დღეში უნდა გადაწყდეს „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მოწოდების თარიღები. დიდი ალბათობით, ეს უნდა იყოს ივნისის დასაწყისი. პირველ ეტაპზე შემოვა დაახლოებით 250 000 დოზა და შემდეგ კიდევ 250 000 დოზა. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს რამდენიმე კომპანიასთან და მარაგებისდა მიხედვით ხდება განცხადება დამატებითი ასაცრელი პუნქტებისა და ბრიგადების შესახებ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.