ამირან გამყრელიძე - ერთი ნაბიჯია საყოველთაო გავრცელებისკენ, რომელიც იქნება მესამე ტალღაში შესვლა, აქედან გამოსვლა კი გართულდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსული ინფექცია ჯერ არ დასრულებულა და პირიქით, მან ქვეყანაში სერიოზული გავრცელების ეტაპს მიაღწია.
გამყრელიძის თქმით, ვირუსის გავრცელების მესამე ტალღის შემთხვევაში, ქვეყანას სერიოზული დანაკარგები ექნება. ამიტომ გამყრელიძე კვლავ ყურადღებას ამახვილებს მოსახლეობის მხრიდან რეკომენდაციების დაცვაზე.
„ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. დინამიური ზრდა პროგნოზირებადი იყო, ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ შემსუბუქებებთან, რაც განხორციელდა, რაც იყო აუცილებელი, რათა ქვეყანას და ეკონომიკას ამოესუნთქა, მაგრამ, ამავე დროს, დაკავშირებულია ისევ ჩვენს გარკვეულად გულგრილობასთან, ისევ და ისევ ილუზიის შექმნასთან, რომ ჩვენ დავამარცხეთ კორონავირუსული ინფექცია, რადგან ნოემბერ-დეკემბრის შემდეგ სერიოზულად, დაახლოებით 10-ჯერ შევამცირეთ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი. მოგიწოდებდით და მოგიწოდებთ, არა, კორონავირუსული ინფექცია არ დასრულებულა, ის ჩვენთან ერთადაა, ცირკულირებს და მან უკვე ქვეყანაში სერიოზულ გავრცელების ეტაპს მიაღწია. ხაზს ვუსვამ, აქედან ერთი ნაბიჯია საყოველთაო გავრცელებისკენ, რომელიც სწორედ იქნება უკვე მესამე ტალღაში შესვლა, საიდანაც გამოსვლა, დამერწმუნეთ, ძალიან რთული იქნება, გვექნება სერიოზული დანაკარგები. ამიტომ, გთხოვთ, ვიყოთ თვითდისციპლინირებული, ყველამ დავიცვათ რეკომენდაციები“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ ისაუბრა ახალ შტამებთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ქვეყანაში მისი რაოდენობა თანდათან იზრდება.
„ახალი შტამები თანდათან უფრო ვრცელდება, რაც მოსალოდნელიც იყო. ძირითადად ჩვენთან ცირკულირებს ბრიტანული შტამი, უკვე საკმაო რიცხვი დაგროვდა. ამიტომ, ჩანს, რომ ქვეყანაში მისი ცირკულაცია არის. ასევე, არა ასეთი ინტენსივობით, მაგრამ გარკვეულად არის რეინფიცირების შემთხვევები, ქვეყანაში რეინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დადგენილი. რეინფიცირება მთლიანად მსოფლიოში იმატებს, ამიტომ არის საჭირო ინტენსიური ვაქცინაცია, რომ რაც შეიძლება ნაკლები გვქონდეს რეინფიცირება“, – დასძინა გამყრელიძემ.