ამირან გამყრელიძე - ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება შემოდგომაზე გრიპისა და კორონავირუსის ზედდება, ქვეყანა ამისთვის ემზადება
გრიპი არსად წასულა, კორონავირუსი კარგა ხანს არსად გაქრება და გრიპიც მოვა, ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ამ ორი დაავადების სავარაუდო ზედდება, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„ერთ-ერთი დიდი გამოწვევა იქნება შემოდგომაზე. განსაკუთრებით ცივი პერიოდი საქართველოში ოქტომბრის შემდეგ, სადღაც ნოემბერში დგება. ჩვენთან გრიპის ვირუსის ცირკულაცია, პირველი ნიშნები იწყება ხოლმე სადღაც ოქტომბრის ბოლოს, უფრო ხშირად მაინც ნოემბრის შუა რიცხვებში და განსაკუთრებით აქტიურ ფაზაში შედის ნოემბრის ბოლოს-დეკემბრის დასაწყისში. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს ზედამხედველობის სპეციალური სისტემა, რომლითაც ჩვენ ვაკონტროლებთ, თუ რა რესპირაციული ვირუსები ცირკულირებენ ქვეყანაში და მუდმივად, ოქტომბრის ბოლოდან ჩვენს ვებგვერდზე ნახავთ ხოლმე, რომელი ვირუსია – ეი, ბი, ვთქვათ, რინოვირუსი, ადენოვირუსი, სხვადასხვა კორონავირუსები, ახალი კორონავირუსიც დაემატება, შესაბამისად, წელს ვზრდით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ და დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შექმნეს ახალი, ძალიან კარგი დოკუმენტი, რომლის პრეზენტაციაც მალე შედგება.
„ეს გახლავთ ჯანდაცვის სისტემის მზადყოფნის დოკუმენტი. სწორედ იქნება შემოდგომის დასაწყისში ტალღებისთვის, სადაც ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა ამ ორი დაავადების სავარაუდო ზედდება. ეს ზედდება იქნება და ქვეყანა ამისთვის ემზადება, რადგან გრიპი არსად წასულა, კორონა კარგა ხანს არსად გაქრება და გრიპიც მოვა. იცით, რომ ეს ორივე დაავადება კლინიკურად ძალიან რთული გასარჩევია, თუმცა შეიძლება, არის მათი გარჩევის ნიშნები, მაგრამ ძირითადი გარჩევა ხდება ლაბორატორიულად. იქ დგინდება გრიპის ვირუსი, აქ დგინდება ახალი კორონავირუსი. ორივე დგინდება პისიარტექნოლოგიით“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, გრიპის ვირუსზე უფრო გამოცდილია სწრაფი ტესტები, რითაც გრიპის სწრაფი დიაგნოსტიკა ხდება.
„ამიტომ უკვე ყველა საავადმყოფოს მიცემული აქვს შესაბამისი რეკომენდაციები, რომ სწრაფი ტესტები შეიძინონ. ამავე დროს, ჩვენ კორონავირუსული პანდემიის პერიოდში სერიოზულად გავაძლიერეთ ქვეყანაში ჩვენი ლაბორატორიული სიმძლავრეები. დღეს მოქმედებს 21 ლაბორატორია – სახელმწიფო და კერძო, კიდევ ემატება რამდენიმე ლაბორატორია, სადღაც ალბათ 25-მდე ავალთ ოქტომბრის შუა რიცხვებამდე. ყველა ამ ლაბორატორიაში იქნება შესაძლებელი მოლეკულური ტექნოლოგიით დიფერენციალური დიაგნოსტიკა, არის გრიპის ვირუსი თუ კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, უკვე შესყიდულია გრიპის 135 000 ვაქცინა, რომელსაც ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ელოდებიან.
„სამწუხაროდ, ე.წ. დასავლური წარმოების ვაქცინების ძალიან დიდი დეფიციტია მსოფლიოში. შარშან გვქონდა 100 000, წელს 135 000 ვიყიდეთ. ახლა კიდევ დამატებით 100 000 ყიდვის მცდელობა გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დიდი დეფიციატია, მხოლოდ შეპირებებია, მაგრამ ვცდილობთ კიდევ დამატებით 100 000-ის სხვადასხვა ბაზარზე მოპოვებას. ჩვენთან გრიპის აცრაზე კულტურა საკმაოდ გაიზარდა, 2015-ში ავცერით 5 000, 2016-ში 10 000, მერე 20 000, 40 000 და შარშან 100 000 ადამიანი ავცერით. ეს სახელმწიფოს შესყიდული, თორემ ისე კერძო სექტორი ყიდულობს დაახლოებით 20-30 ათასს კიდევ. წელს, რა თქმა უნდა, მოთხოვნილება მეტი იქნება, ამიტომ გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრებიან პირველ რიგში მაღალი რისკჯგუფები – ორსულები, მოხუცები, ბავშვთა სახლებში მყოფი ადამიანები. შარშან დიაბეტით დაავადებულები დავამატეთ და რა თქმა უნდა, ჩვენი კოლეგები, ჩვენ, ვინც წინა ხაზზე ვართ, განსაკუთრებით ჰოსპიტალური სექტორისა და ამბულატორიულ სექტორში მომუშავე სამედიცინო პერსონალი. ვფიქრობ, წელს კერძო სექტორიც აქტიური იქნება და მოგიწოდებთ თქვენც, ვინც არ შედიხართ რისკჯგუფებში, აიცრათ გრიპის საწინააღმდეგოდ“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.