ამირან გამყრელიძე - ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესებულია, თუმცა ახალი შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს.
როგორც გამყრელიძე ამბობს, ჯანდაცვის სისტემა ვითარებას საკმაოდ კარგად მართავს.
„დღევანდელი ეპიდსიტუაცია არის გაუარესებული, ვიდრე იყო მარტ-აპრილში. თუმცა ჯანდაცვის სისტემის მხრიდან ეპიდსიტუაცია საკმაოდ კარგად იმართება. ახალი შემთხვევების რაოდენობა სრულად მართვადია და ჯანდაცვის სექტორისთვის დიდ ზეწოლას არ წარმოადგენს. საკმარისია საწოლფონდი, საკმარისი არიან ექიმები, ასევე ჟანგბადი, წამლები. არ გვინდა, რომ დღეში კორონავირუსის 2 000- 3000-4 000 ახალი შემთხვევა გვქონდეს. დიდი ალბათობით და ყველანაირი მათემატიკური პროგნოზირებით, აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან მივეჩვიეთ პირბადის ტარებას. ბოლო მონაცემებით, პირბადის ტარების მაჩვენებელი 75 პროცენტია. რაც კარგია, მაგრამ თუ ავალთ 95 პროცენტზე, დამერწმუნეთ, ბევრად უკეთესი ინდიკატორები გვექნება. მეორე, საკმაოდ დიდ ნაწილს, მოსახლეობის დაახლოებთ 20 პროცენტს გადატანილი აქვს ინფექცია და არის უკვე გარკვეული კუმულაციური იმუნიტეტი. მესამე, მოდის ზაფხული, თბილი ამინდები. მზის სხივი ამ ვირუსზე მოქმედებს და ალბათ უფრო და უფრო შესუსტდება. ამასთან, რა თქმა უნდა, აიცრა ცოტა, მაგრამ გარკვეული რაოდენობა არის მოსახლეობის აცრილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.