ამირან გამყრელიძე - ეპიდემიოლოგიური ვითარება ოდნავ სტაბილურდება, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება შედარებით სტაბილურდება. მისივე თქმით, მიუხედავად ინფიცირების შემთხვევების კლების ტენდენციისა, ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა და რეგულაციების დაცვა კვლავაც აუცილებელია.
„ქვეყანაში იკლებს ეგრეთ წოდებული დადებითობის პროცენტი. თუ დეკემბრის პირელი ხუთი დღის საშუალო დადებითობის პროცენტი გვქონდა ტესტირებაზე 28 და 29 პროცენტამდე, დღეს ეს მაჩვენებელი 13,5 პროცენტზეა. ასევე თუ შევადარებთ, პირველ დეკემბერს დადებითობის მაჩვენებელი იყო სადღაც 26 პროცენტი, 26 დეკემბერს კი დადებითობის პროცენტი იყო 13, ანუ განახევრებულია.
ყველა ეს ერთად ინდიკატორი- ინციდენტობის შემცირება 100 ათას მოსახლეზე, დადებითობის მაჩვენებლის ქვესვლა მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფიცირება მცირდება. ასევე თუ შევადარებთ ცხელ ხაზზე ზარებს, 112-ზე და ასე შემდეგ, ნახავთ, რომ „კოვიდის“ გამო ნაკლები მიმართვიანობაა. ასევე ნაკლები მიმართვიანობაა პოლიკლინიკებში ტესტირებისთვის. ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ქვეყანაში ვითარება ოდნავ მშვიდდება, მაგრამ ეს არავითარ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან თუ არ დავიცავთ რეგულაციებს, შესაძლოა, ვითარება გამწვავდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.