ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ პანდემიის დროს ტრადიციული ღონისძიებებისგან დიდი ხნის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ
ამირან გამყრელიძე - ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას ვაძლევთ რეკომენდაციას, რომ პანდემიის დროს ტრადიციული ღონისძიებებისგან დიდი ხნის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ

ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც მთავრობას რეკომენდაციას ვაძლევთ, რომ პანდემიის დროს ტრადიციული ღონისძიებებისგან დიდი ხნის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაჩენილი დიდი კლასტერები საქორწილო ღონისძიებებთან არის დაკავშირებული.

გამყრელიძის თქმით, ტრადიციული ღონისძიებები ინფექციის გავრცელების კუთხით მომატებულ რისკს შეიცავს.

„შემთხვევების მატება უკავშირდება ორ მთავარ ფაქტორს – ეს გახლავთ ზაფხულის განმავლობაში მობილობის სერიოზული ზრდა და მეორე დაკავშირებულია სამასპინძლო დაწესებულებებთან. დიდი კლასტერები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, ეს იყო სწორედ დაკავშირებული ისევ ჩვენს ქცევასთან, როდესაც რეგულაციების არდაცვით შესაბამისი შედეგები გვქონდა ჯერ ბათუმის ერთ-ერთ პოპულარულ სამასპინძლო დაწესებულებასთან, რომელმაც, დაახლოებით, 60-დან 80-მდე ინფიცირება გამოიწვია და ასევე, აგვისტოს ბოლოს რამდენიმე დიდი საქორწილო ღონისძიების ჩატარება, რომელსაც უკავშირდება გურიის კლასტერი, ცაგერის კლასტერი, ქუთაისის კლასტერი, სადაც 32-ე სკოლის თანამშრომელი იყო დაინფიცირებული, დღეს მას დაემატა კიდევ რვა ადამიანი, სამწუხაროდ, სიტუაცია ასევე დაგვეძაბა ზუგდიდში, სადაც ენგურჰესთან დაკავშირებული შემთხვევები გვაქვს.  ხაზს ვუსვამ, რომ ყველა ეს კლასტერი დაკავშირებული იყო დიდ საქორწილო ღონისძიებებთან.

ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ გაგვაკრიტიკებთ, როდესაც რეკომენდაციას ვაძლევთ მთავრობას, რომ პანდემიის დროს დიდი ხნის განმავლობაში თავი უნდა შევიკავოთ დიდი ტრადიციული ღონისძიებებისგან – დიდი ქორწილები, ჭირის სუფრები და ა.შ. ეს გახლავთ რისკის მომატებული ფაქტორი ინფექციის შემდგომი გავრცელებისას“, – განაცხადა გამყრელიძემ.