ამირან გამყრელიძე - დიდი შეკრება ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია ეპიდემიის გავრცელების
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ეპიდვითარების გაუარესების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობია დიდი თავყრილობა.
სწორედ ამიტომ გამყრელიძემ მოქალაქეებს დიდი შეკრებისგან თავის არიდებისკენ მოუწოდა.
„სამწუხაროდ, ჩვენ მესამე ტალღის დასაწყისში აგვიფეთქა მდგომარეობა იგივე დიდმა შეკრებებმა, საბედნიერო თუ სხვა მიზეზებით. როგორმე თავი შევიკავოთ ამისგან, რადგან ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამაძლიერებელი ეპიდემიის გავრცელების. დღევანდელი მონაცემი სამშაბათის სინდრომია. ეს არის შაბათ-კვირას ინფიცირებულების რიცხვი და რეგისტრირდება მოგვიანებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ უნდა დავაკვირდეთ ხვალ, ზეგ როგორი მდგომარეობა იქნება. თუ ისევ იქნება 1 500 -1 600, ეს უკვე ძალიან საგანგაშოა. ახლა რასაც ვაკვირდებით, დაახლოებით იმ ეტაპზე ვართ, რაც ინდიკატორების მიხედვით, ვიყავით ნოემბრის დასაწყისში. ხოლო ნოემბრის ბოლოს რა მდგომარეობაშიც ვიყავით, როგორმე იქამდე არ უნდა მივიყვანოთ ვითარება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.