ამირან გამყრელიძე - დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში გამოკვლეული 45 707 ადამიანიდან, 723 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „პისიარ“ მეთოდით 45 707 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული.
მისივე თქმით, აქედან საერთო ჯამში კორონავირუსი 723 პირს დაუდასტურდა.
ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს საქართველოში ეპიდვითარების შესახებ მონაცემები გააცნო.
„დღევანდელი რიცხვით საქართველოში გამოკვლეულია 45 707 შესაძლო შემთხვევა. მხედველობაში მაქვს მხოლოდ მოლეკულური კვლევები. აქედან დადასტურებულია 723. ამ 723-დან აქტიური შემთხვევა, დღეს ვინც მკურნალობს, არის 216. გამოჯანმრთელება გვაქვს 495, ანუ 68 პროცენტია გამოჯანმრთელება, რაც კარგი ინდიკატორია, რომ ჩვენთან გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სერიოზულად გადააჭარბა და ბოლო 10 დღის ეპიდემიოლოგიური მონაცემები გვაძლევს, რომ ყოველდღიურად გამოჯანმრთელებულთა რიცხვი აჭარბებს ახლადინფიცირებულთა რაოდენობას, რომელიც ასევე პროგნოზულად გარკვეულად დამაიმედებელი ინდიკატორია“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.