ამირან გამყრელიძე  - პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს
ამირან გამყრელიძე - პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს

ქვეყანაში ვაქცინები თანდათან მეტი შემოვა და ასევე მეტი აქტიურობა გვინდა, რადგან პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ამასთან, გამყრელიძის თქმით, აუცილებელია, რომ ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რეკომენდაციების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდეს. სწორედ ამიტომ, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა შესაბამის უწყებებს დაავალა, რომ კონტროლი მეტად გამკაცრდეს.

„დღეს დაიწყო „ფაიზერით“ აცრა, საკმაოდ კარგი მონაცემები მაქვს, ადამიანები აქტიურობენ. გუშინაც უკვე „ასტრაზენეკაზე“ ამცრელთა რაოდენობა გაიზარდა. თუმცა დღეში სულ მცირე 3 000 უნდა აიცრას, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი იმუნიტეტი შევქმნათ. ქვეყანაში ვაქცინები თანდათან მეტი შემოვა და ასევე მეტი აქტიურობა გვინდა, რადგან პანდემიის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის.

ამ ეტაპზე შეზღუდვების აღდგენაზე საუბარი არ არის, არამედ რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მკაცრ კონტროლზეა საუბარი. პრემიერ-მინისტრის მიერ შესაბამის უწყებებს დღეს მიეცათ დავალებები, რათა აღსრულებაზე კონტროლი მეტად გამკაცრდეს. შევხედავთ, როგორი იქნება ქვეყანაში ეპიდვითარება და დამატებით ღონისძიებაზე მსჯელობა ამის მიხედვით მოხდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.