ამირან გამყრელიძე - დღეს გვაქვს მესამე ტალღის ზესვლა-მეოთხე ტალღის დასაწყისი, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ უნდა იყოს კლება, მაგრამ ნელი ტემპით
შეიძლება ითქვას, დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა ან თუ გინდათ დაარქვით, მეოთხე ტალღის დასაწყისი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მოსალოდნელია, რომ კორონავირუსის შემთხვევები ნელი ტემპით, თუმცა კლებას დაიწყებს.
გამყრელიძე ამბობს, რომ ვირუსის გავრცელების შესაკავებლად ერთადერთი გზა მასობრივი ვაქცინაცია და აუცილებელი რეკომენდაციების სათანადოდ დაცვაა.
„მესამე ტალღა გარკვეულწილად გადავიარეთ მაისის შუა რიცხვებში. დღევანდელ შემთხვევათა რიცხვი რაც გვაქვს – 2 700-ის ფარგლებში და ბოლო დღეების განმავლობაში, ის უკვე სჭარბობს მესამე ტალღის პიკს, ანუ მაისის 17-ში რაც იყო. მაისის 17-დან იყო შემცირების ტენდენცია, რომელიც გაგრძელდა საკმაოდ კარგად, მაგრამ ის არ ჩამოსულა ისეთ დონეზე, რომელიც დამაკმაყოფილებელი შეიძლება ყოფილიყო დაახლოებით 25 ივნისამდე. 26 ივნისიდან ისევ დაიწყო ზრდა. შეიძლება ითქვას, დღეს გვაქვს მესამე ტალღის შემდგომი განვითარება, ზესვლა, ან თუ გინდათ, დაარქვით მეოთხე ტალღის დასაწყისი. ფაქტია, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში გაუარესებულია, თუმცა რასაც ვპროგნოზირებდით, იმასთან შედარებით ზრდის ტემპი ოდნავ შემცირებულია, რაც გარკვეულად გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ ჩვენ ახლა გადავდივართ შემდგომ პიკს, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს დაახლოებით 10 დღე-ორი კვირა და შემდეგ უნდა იყოს ქვესვლა, მაგრამ ნელი ტემპით. ეს რომ შევაკაოთ, ერთადერთი გზა არის მასობრივი ვაქცინაცია და ყველა რეკომენდაციის განუხრელად დაცვა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.