ამირან გამყრელიძე - დღეისთვის, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში ათი მოზრდილი კლასტერი გვაქვს, რაც ვირუსის საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არსებული მონაცემები მიუთითებს, რომ ქვეყანაში ინფექციის ცირკულაცია უფრო ინტენსიური გახდა.
მისივე თქმით, ამაზე მიანიშნებს ინფექციის ე.წ. კლასტერული გავრცელებაც.
„დღეისთვის, მეტ-ნაკლებად მოზრდილი ათი კლასტერი გვაქვს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში, ესაა სამეგრელო, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი და კიდევ რამდენიმე რეგიონი, რაც საყოველთაო გავრცელების წინა ეტაპია. ამიტომ, ამაზე ყველამ განსაკუთრებული ყურადღება უნდა გავამახვილოთ. ბევრ ქვეყანასი მესამე ტალღა დაწყებულია და ჩვენც ვდგავართ მესამე ტალღის დაწყების წინაშე. პირველ რიგში საჭიროა განსაკუთრებული დისციპლინა, დავიცვათ მთავარი რეკომენდაციები და შეზღუდვები, რაც ქვეყანაში მოქმედებს. დღეს 51 პროცენტია პირბადის ტარების მაჩვენებელი და ის 90 პროცენტამდე უნდა ავიყვანოთ, დავიცვათ ჰიგიენა, დისტანცია, ავარიდოთ თავი დიდი თავშეყრის ადგილებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე წერტილოვანი შეზღუდვების რეკომენდაციას იძლევიან.
„სადაც არის კლასტერული ეპიდაფეთქებები, იქ წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებელია. როგორმე თავიდან უნდა ავიცილოთ დიდი ლოკდაუნი, რადგან ძლიერი ლოკდაუნის ახლა გამოცხადება ქვეყნისთვის რთული იქნება, ეს ყველას, თითოეულ მოქალაქეს დააზინებს. თუ ყველა ვიქნებით სოლიდარული, თვითდისციპლინირებული, მაშინ თავიდან ავიცილებთ ლოკდაუნს“, – დასძინა გამყრელიძემ.