ამირან გამყრელიძე - დასვენების ოთხმა დღემ „ფაიზერზე“ დაჯავშნის საკითხებში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია, ვინც აცრილია „ფაიზერით“, ყველასთვის შენახულია მეორე დოზა, დაბრკოლება არ იქნება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღდგომის დღეებში, 30 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ განხორციელდება.
მისივე თქმით, დასვენების ამ ოთხმა დღემ „ფაიზერზე“ დაჯავშნის საკითხებში გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია.
ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მოქალაქეებს, რომლებიც „ფაიზერის“ პირველი დოზით აიცრნენ, დაბრკოლება არ შეექმნებათ და მეორე დოზა ყველასთვის შენახულია.
„30-დან, ანუ წითელი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა, აღდგომის ორშაბათი, არ იქნება აცრები ქვეყანაში. მოსახლეობასაც და ამცრელ ჩვენს კოლეგებსაც ვაძლევთ შესვენების პერიოდს, 4-დან განახლდება. სწორედ ამ ოთხმა დღემ გარკვეული გაუგებრობა გამოიწვია „ფაიზერზე“ დაჯავშნის საკითხებში. მინდა, გავაჟღერო გზავნილი, რომ ვინც აცრილია „ფაიზერის“ პირველი დოზით, არავის დაკარგვია მეორე დოზა, ყველასთვის შენახულია მეორე დოზა. ზოგადად, „ფაიზერს“ 42 დღემდე აქვს გაგრძელებული მეორე დოზის გაკეთების ეფექტურობა და შეუძლიათ, აიცრან. ამიტომ აქ არავითარი დაბრკოლება არ იქნება. გარდა ამისა, ველოდებით დამატებით 100 000 დოზა „სინოვაკს“ და მიმდინაროებს მოლაპარაკება „სინოფარმთან“ დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზაზე, დიდი ალბათობით, შეიძლება, მისი ნაწილი ქვეყანამ მიიღოს ივნისში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.