ამირან გამყრელიძე - დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს ის, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, მეტი მზადყოფნა უნდა იყოს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, მთავარი რეკომენდაციაა, ყველამ გაითვალისწინოს რჩევები, რომლებსაც ჯანდაცვის სპეციალისტები იძლევიან.
„ჩვენი მთავარი რეკომენდაცია არის ის, რომ ყველამ ერთად, საზოგადოებამ დავიცვათ ის რეკომენდაციები, რასაც ჯანდაცვის სფერო იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეპიდსიტუაცია ბევრად უკეთ გამოიყურება, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს და უფრო მეტი მზადყოფნა უნდა იყოს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
გამყრელიძის განმარტებით, მთავარი რეკომენდაცია არის პირბადის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირი დაბანა და დიდი თავშეყრის ადგილებისთვის თავის არიდება.
„მესმის, რომ შემსუბუქების პროცესში ხალხს უფრო მეტად უნდა გართობა, მაგრამ ეს უნდა იყოს ზომიერების და იმ რეგულაციების ფარგლებში, რაც დადგენილია“, – დასძინა გამყრელიძემ.