ამირან გამყრელიძე - დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, თანამშრომლებს აცრის შემდეგ მისცენ ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე
დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ თანამშრომლებს აცრის შემდეგ მისცენ ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები დამსაქმებლებისთვის და არ დგინდება დადგენილებით.
„რამდენიმე, სხვადასხვა რეკომენდაცია წარვადგინეთ, აქ ახალ ველოსიპედს არავინ იგონებს. ჯერ აუცილებელია, აცრის შემდეგ ადამიანს მიეცეს ერთი ან ორი გამოსასვლელი დღე. დამსაქმებლებმა ეს უნდა უზრუნველყონ, რათა აცრის შემდეგ ადამიანი შინ იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში, მე მაგალითად, გამოსასვლელ დღეს ვაძლევ იმ ადამიანებს, რომლებიც იცრებიან. დაავადებათა კონტროლის ცენტრში მომუშავე ადამიანების 61 პროცენტი დღეს აცრილია და გვინდა, აგვისტოს ბოლომდე ავიდეთ 80-85 პროცენტზე.
მიღებული პრაქტიკაა სხვადასხვა ლატარეის გათამაშება, წამახალისებელი ღონისძიებები. იგივე, ორჯერად აცრილებისთვის გარკვეული შეღავათები, რომ უფრო ადვილად მიიღებენ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას და ბევრი სხვა. ეს დამოკიდებულია დამსაქმებელზე. ეს არის მხოლოდ რეკომენდაციები, არ დგინდება დადგენილებით, დამსაქმებლებმა უნდა უზრუნველყონ. დამსაქმებლებს ვთხოვთ, მეტად წაახალისონ თანამშრომლები. მათ შეიძლება, ბევრი რამ მოიფიქრონ ამასთან მიმართებაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.