ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი ფესტივალებში მონაწილე ადამიანთა რიცხვი. კერძოდ, იყოს მაქსიმუმ 100 ადამიანამდე და სრულად იყოს დაცული 2-მეტრიანი დისტანცია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„აუცილებლად გამოიყენონ პირბადე და ასევე რეკომენდებულია, რომ ყველა ადამიანი, ვინც ღონისძიებაზე დასასწრებად მიდის, იყოს ორჯერადად აცრილი, ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული ჰქონდეს „პისიარ“ ტესტი, ან ბოლო 24 საათში სწრაფი ანტიგენის ტესტი. ძალიან ბევრ სხვადასხვა შეკრებაზე, ყველას, ვისაც არ ჰქონდა გადატანილი, ან არ იყო აცრილი, ყველას ტესტავდნენ. ეს კულტურა თანდათან შემოდის ჩვენთან და აუცილებელი იქნება ამ პანდემიის პერიოდში მსგავსის დაცვა რაღაცა ეტაპზე, ყველა ხალხმრავალ შეკრებაზე, ან ადგილზე, სადაც ადამიანების გარკვეული ჯგუფი იკრიბება, სემინარები, ვორქშოფები, კონფერენციები და ასე შემდეგ. იქ მივიდნენ და დაესწრონ მხოლოდ ორჯერადად აცრილი ადამიანები, ან წინასწარ ჩაიტარონ „პისიარი“, ან სწრაფი ანტიგენის ტესტი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ დარჩა ეს საკითხი მხოლოდ რეკომენდაციად და არ მოხდა ოფიციალური გადაწყვეტილების მიღება, ამირან გამყრელიძემ განაცხადა:
„ეს არის ჩვენი რეკომენდაცია. ვფიქრობ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ეს საკითხი კიდევ განიხილება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.