ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იკადრებს, გააყალბოს ციფრები ან ადამიანებს დაბალი ხარისხით მოემსახუროს
ამირან გამყრელიძე - დაავადებათა კონტროლის ცენტრი არ იკადრებს, გააყალბოს ციფრები ან ადამიანებს დაბალი ხარისხით მოემსახუროს

დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის მაღალი დონის დაწესებულება, არ იკადრებს არც ერთი ციფრის არც გაყალბებას და არც იმას, რომ ადამიანებს მოემსახუროს დაბალი ხარისხით, ეს არის ჩვენი სტანდარტი, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორია, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ნაწილია, რამდენიმეჯერ არის აკრედიტებული.

ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოს სხვადასხვა ქვეყნიდან აქვს მაღალი ხარისხის ტესტები, მათ შორის გერმანული.

„ტესტები გვაქვს გერმანული, ყველაზე კარგი წარმოების. პირველი ეს წარმოება, საუკეთესო პრაიმერები,შარიტემ“ გააკეთა. „შარიტე“ არის ევროპაში ყველაზე დიდი სამედიცინო ცენტრი. ასევე გაგიგიათ დროსტენი, იმ ინსტიტუტის ტესტებია ქვეყანაში, რომელიც ჩვენმა პარტნიორმა პირველივე ეტაპზე მოგვაწოდა სრულიად უსასყიდლოდ და დიდი მადლობა მათ ამისთვის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ასევე, მისი თქმით, საქართველოს აქვს სამხრეთ კორეული ტესტები, სამხრეთ კორეა კი, სხვადასხვა ტიპის ტესტის წარმოებაში ძალიან წარმატებული ქვეყანაა.

„გვაქვს სამხრეთ კორეის ტესტები, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს. იცით, რომ სამხრეთ კორეა ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა სხვადასხვა ტიპის ტესტის წარმოებაში. გვაქვს ბრიტანული, ამერიკის დაავადებათა ცენტრის ტესტები, გვაქვს ჯანმო-ს მიერ მოწოდებული ტესტები, გვაქვს ჩინეთის მიერ მოწოდებული ტესტები. ჩინეთში არის დაახლოებით 40-მდე ბიოტექნოლოგიური კომპანია, რომლებიც აწარმოებენ სხვადასხვა ტიპის ტესტს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენს საელჩოს ჩინეთში, რომ ძალიან გვეხმარება. ხვალ ჩამოდის დიდი პარტია ტესტებისა ერთ-ერთი ჩარტერით. ახლა, როცა პირდაპირ ეთერში ვართ, გერმანიიდან, ვარშავის ჩარტერით,  რომელსაც გადმოყავს ჩვენი თანამემამულეები ევროპიდან, დაახლოებით 15 000-მდე ტესტი ჩამოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ამ დროისთვის საქართველოში არის 9 000-მდე ტესტის მარაგი.

„დილისთვის, როცა ვარშავის ჩარტერი დაჯდება თბილისში, ეს რაოდენობა 21 000-მდე ავა. ხვალ ღამით, როცა ჩინეთის ჩარტერი ჩამოვა, ტესტების რაოდენობა 60 000-მდე გაიზრდება. შემდეგ, მაისის დასაწყისამდე არის 100 000 ტესტის გარანტია და უკვე დავიწყეთ მუშაობა შემდგომ 100 ათასზე, რომ მაისსა და ივნისშიც ეს თამასა დავიჭიროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებთა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ნებისმიერ კითხვაზე გასცემს პასუხს და სთხოვს ყველას, ტესტების საკითხზე სპეკულაციას თავი დაანებონ.

„ძალიან გთხოვთ ყველას, ნებისმიერ კითხვაზე გიპასუხებთ, ერთადერთი, დავანებოთ თავი ამ ტესტებით სპეკულაციას, ვითომ ჩვენი ტესტები დაბალი ხარისხისაა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.