ამირან გამყრელიძე - დაახლოებით 750 ადამიანზე ჩატარებულმა სეროპრევალენტობის კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.6 პროცენტია
სეროპრევალენტობის კვლევა საავადმყოფოებიდან და სისხლის ბანკებიდან აღებულ 750 ნიმუშზე ჩატარდა, კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი 0.6 პროცენტია, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის პასუხები დაახლოებით ათ დღეში იქნება ცნობილი.
„სეროპრევალენტობის რამდენიმე კვლევა უკვე დაიწყო ქვეყანაში. აღებულია 1200-მდე სისხლი ოთხ მუნიციპალიტეტში – ხელვაჩაურის, ქობულეთის, მარტვილის, ბორჯომის მუნიციპალიტეტებში რანდომულად შერჩეული 1200 ადამიანისგან. მათი ლაბორატორიული კვლევა დამთავრდება დაახლოებით ათ დღეში და მოსახლეობას ეცნობება პასუხი. მსგავსი კვლევა საავადმყოფოებიდან აღებული სისხლის ნიმუშებიდან და ასევე სისხლის ბანკებიდან არის ჩატარებული. გავრცელების მაჩვენებელი იქ გვაქვს 0.6 პროცენტი. დაახლოებით 750 ადამიანზე ჩატარდა კვლევა და გავრცელების მაჩვენებელი 0,6 პროცენტია, ვისაც დაუდასტურდა, რომ მას გადატანილი აქვს კორონავირუსული ინფექცია“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.