ამირან გამყრელიძე - ცოფის, ჯილეხისა და ბრუცელოზის შემთხვევები საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთიანი ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს.
მისი მიზანი ზოონოზური ინფექციებისა და ანტიმიკრობული რეზისტენტობის საკითხებზე ერთიანი მიდგომის შემუშავებაა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარკვეული პროგრესის მიუხედავად, ცხოველებსა და ადამიანებს შორის გადამდები დაავადებები მსოფლიოში კვლავ გამოწვევად რჩება.
„ცხოველიდან გადატანილი დაავადებები მნიშვნელოვანია დღესაც ჩვენი ჯანმრთელობისთვის. ცოფი მინიმუმამდე დავიყვანეთ და სამი წლის განმავლობაში აღარ გვქონდა, თუმცა წელს სამწუხაროდ ერთი შემთხვევა გვაქვს, ჯილეხი საკმაოდ შევამცირეთ, პროგრესი გვაქვს ბრუცელოზთან მიმართებაშიც. ძალიან აქტიურად ვმუშაობთ სოფლის მეურნეობისა და გარემოს სამინისტროსთან, გვაქვს სწრაფი რეაგირების ერთიანი მიდგომა.ზოონოზური დაავადებები დიდი გამოწვევა გახლავთ მსოფლიოსთვის გამომდინარე იქედან, რომ კლიმატის ცვლილებისა და გლობალური დათბობის პორობებში შეიძლება მოულოდნელი საფრთხეები აღმოჩნდეს, ქვეყნები ამისთვის მზად უნდა იყვნენ“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.
გამოწვევის დასაძლევად მსოფლიოში რანდენიმე დიდი ინიციატივა მოქმედებს, ესენია: ერთიანი ჯანმრთელობისა და გლობალური უსაფრთხოების ინიციატივები და ჯანმრთელობის საერთაშორისო წესები.
ერთიანი ჯანმრთელობის დღე მსოფლიოში ოთხი წელია, აღინიშნება. საქართველო მას მეორე წელია, შეუერთდა.