ამირან გამყრელიძე - ჩვენი რეკომენდაციაა, რომ მეოთხე კლასის შემდეგ მოსწავლეებმა პირბადე აუცილებლად ატარონ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის ტარებაზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ მეხუთე კლასის ზემოთ მოსწავლეებმა პირბადე ატარონ.
„პირბადის გარეშე არავინ უნდა დაუშვან არც ავტობუსში, არც მიკროავტობუსში და არც მეტროში. მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ დისტანცია დავიცვათ. ავტობუსები თუ მეტროს ვაგონები გადაჭედილი არ უნდა იყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრში დღეს შიდა კონსულტაციები გვქონდა და ჩემი რეკომენდაციაა, რომ მოსწავლეებისთვის მეხუთე კლასიდან ანუ მეოთხე კლასის შემდეგ უნდა იყოს აუცილებელი პირბადის ხმარება. ხოლო მეხუთე კლასამდე- რეკომენდირებული და მშობელს ეს უნდა აუხსნა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.