ამირან გამყრელიძე - ჩვენი ქვეყანა იღებს შესაბამის ზომებს და ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში
ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, საფრთხეს წარმოადგენს ქვეყნები, სადაც მაღალი დასენიანებაა. უპირველესად ჩინეთი, ირანი, იაპონია, სამხრეთ კორეა და იტალია.
„ჩვენი ქვეყანა იღებს შესაბამის ზომებს და ვართ პანდემიური მზადყოფნის რეჟიმში. კორონავირუსით დაავადებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და ის მოთავსებულია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, მასზე მიმდინარეობს პროტოკოლით განსაზღვრული მონიტორინგი. მიმდინარეობს მისი კონტაქტების კვლევა, რომელსაც ჩვენი ეპიდემიოლოგიური სამსახურები ახორციელებენ და შესაბამისად, კონტაქტების მოძიება. ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. გაძლიერებულია მონიტორინგი საზღვრებზე, განსაკუთრებით იმ მოგზაურთა მიმართ, რომლებიც მოემართებიან მაღალი დასენიანების სახელმწიფოებიდან. დღევანდელი რიცხვით, ინფექციურში დაკვირვების ქვეშ არის 29 პაციენტი, აქედან მაღალი ალბათობით ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ დღეს აღებული იქნა 24 სინჯი და მიმდინარეობს მათი კვლევა ლუგარში. დიდი ალბათობით, არ გამოვრიცხავ, რომ გვქონდეს კიდევ დადებითი შემთხვევა კორონაზე, მაგრამ ჩვენ ამან არ უნდა დაგვაფრთხოს, რადგან მიმდინარეობს სერიოზული ზრდა კორონავირუსის ინფექციის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე თქმით, დღეს მსოფლიოს 51 ქვეყანაში არის კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები. გუშინდელი დღიდან დღემდე, კიდევ დაემატა ექვსი ქვეყანა. ესენია: ლატვია, ნიგერია, ნიდერლანდები, ესტონეთი, ახალი ზელანდია და ბელარუსი.
„უკვე ფრენების აკრძალვა თუ მკაცრი რეჟიმები საზღვრებზე, რასაც ვახორციელებდით, დიდ შედეგს არ იძლევა, ვინაიდან ინფექციას მხოლოდ საზღვრების კონტროლით ვერ შეაჩერებთ. უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს თვითიზოლაციას და შესაბამის სამედიცინო სამკურნალო ღონისძიებებს. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კარანტინში იმყოფება 87 პირი – 31 საჩხერეში, 21 აბასთუმანში, და გამოიყო ბავშვთა განყოფილება ტუბცენტრში, რომელიც იზოლირებულია ძირითადი შენობისგან, სადაც დღეს იმყოფება 35 ადამიანი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძე.