ამირან გამყრელიძე - ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა, ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა
ამირან გამყრელიძე - ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა, ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა

ყველაფერი ერთბაშად რომ გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანამ გაიარა ძალიან მძიმე მეორე ტალღა და აღნიშნა, რომ სხვადასხვა ბიზნესი გარკვეული რიგითობით უნდა გაიხსნას.

„სექტემბრის შუა რიცხვებამდე გვქონდა ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი. ზოგადად შემთხვევების რაოდენობა იყო 1 500, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო დაბალი, სულ 19 გარდაცვლილი გვყავდა და ასე შემდეგ. შემდეგ ჩვენ გავიარეთ ძალიან მძიმე მეორე ტალღა. ძალიან მძიმე. არ ვისურვებდი, რომ ჩემმა ქვეყანამ ამ მასშტაბის მესამე ტალღა გაიაროს კიდევ. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან სიტუაცია სტაბილურია და ყველა მაჩვენებელი მცირდება, მე მესმის რესტორნების, სოლიდარული ვარ რესტორნების, სხვადასხვა ბიზნესის, სამთო კურორტების და ყველას მიმართ, მაგრამ ახლა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ერთბაშად გაიხსნას, იგივე ვითარება დადგება, რაც ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, ამას არ ვისურვებდი და ვერავითარ შემთხვევაში ვერ დავუჭერ მხარს, რომ ისევ შევიდეთ იმ მასშტაბის ტალღაში, როგორიც გვქონდა. ვირუსი არსად გამქრალა, გვერდზე არის, ყველგან ტრიალებს. ფრთხილად უნდა ვიყოთ და ვაკვირდებოდეთ ორკვირეულ მონაცემებს, გარკვეული რიგითობით უნდა გაიხსნას ბიზნესები.

დადებითობის მაჩვენებელი აჭარაში არის ერთი პროცენტი, ბოლო ორი კვირის მაჩვენებელი მერყეობს 2-3 პროცენტს შორის. აჭარაში ცოტა მეტი ლიბერალიზაცია გაკეთდა. აქაც უნდა დავიცვათ რეგულაციები. თანდათან, გარკვეული პერიოდის შემდეგ რესტორნებიც გაიხსნება. მესმის ადამიანების, როდესაც ტრანსპორტი არ მუშაობს. სკოლებზეც ხომ უნდა ვიფიქროთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.