ამირან გამყრელიძე - ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა, ბატონო ამირან, კორონა თურმე მთებში ისვენებსო
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად, მოსალოდნელი იყო, რომ მცირე ეპიდაფეთქებები იქნებოდა. ამის შესახებ გამყრელიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განაცხადა.
„პროგნოზირებადი იყო, რომ გარკვეული მცირე ეპიდაფექებები იქნებოდა, რაც დაკავშირებულია შეზღუდვების შემსუბუქებასთან. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკა უნდა გაიხსნას, ტურიზმი უნდა გაიხსნას, მაგრამ ბალანსი უნდა იქნას დაცული. ყველა ახალი შემთხვევა უნდა იყოს იდენტიფიცირებული და შესაბამისი ღონისძიებები დროზე იქნას გატარებული. ასეთი შემთხვევები ყველა ქვეყანაში გახლავთ, სადაც კი შემსუბუქება იწყება. წლობით ვერ იქნება ქვეყნები ჩაკეტილი“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში სიტუაცია მართვადია და 20-30 ახალი შემთხვევა ჯანდაცვის სისტემის არ წარმოადგენს დიდ პრობლემას. გამყრელიძის განცხადებით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„ჩემმა ერთმა ახალგაზრდა თანამშრომელმა მომწერა: ბატონო ამირან, თურმე კორონა ისვენებს მთებშიო. ყაზბეგსა და მესტიის რომ გამოჩნდა ახალი შემთხვევები, კორონამ დასასვენებლად მთებში გადაინაცვლაო. დაემთხვა, რომ ერთი პატარა კლასტერი ჩამოგვიყალიბდა ყაზბეგში. მესტიაში კი ხედავთ, რაც გვაქვს“, – განაცხადა გამყრელიძემ.