ცაგერის მუნიციპალიტეტის გარკვეულ სოფლებში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება დაიწყება
ცაგერთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში გაფართოვდეს ტესტირება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, მას იმედი აქვს, ინფიცირებულების გამოსავლენად ეპიდემიოლოგიურ სამსახურს მოსახლეობაც დაეხმარება.
„ცაგერთან დაკავშირებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მდინარე ლაჯანურის ხეობის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში გაფართოვდეს ტესტირება. დაიწყება ინტენსიური თერმოსკრინინგი, ტესტირება, შესასვლელში გამკაცრდება ღონისძიებები, დაიდგმება კარავი და ყველა შემსვლელს და გამომსვლელს შესთავაზებენ ლაბორატორიულ „პისიარ“ ტესტირებას, რათა ადრეულ ეტაპზე მოვახდინოთ ვირუსის იდენტიფიცირება. ასევე, ბიოლოგიური ნაცხის ამღები ჯგუფები იმოძრავებენ სოფლებში. იმერეთის რეგიონი აქტიურად მიეხმარება რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონს, ასევე შესაბამის სამსახურებს. იმედი მაქვს, მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლება ხელს შეგვიწყობს, რომ დროულად მოვახდინოთ ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირება, მათი იზოლირება და ასევე შესაბამისი კონტაქტების მოძიება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
გამყრელიძე ასევე აცხადებს, რომ ჯამში კორონავირუსის 18 შემთხვევაა, რომლებიც სადღესასწაულო ღონისძიებას, კონკრეტულად, ქორწილს უკავშირდება. მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, ფართომასშტაბიანი სუფრების გამართვის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მართებულია.
„გარდა აჭარისა, ყურადღბას იპყრობს ე.წ. ცაგერის მუნიცპალიტეტის კლასტერი, როემლიც დაკავშირებული იყო ორი დღის წინ თბილისში ჩატარებულ დიდ საქორწილო ღონისძიებასთან. იქიდან ცაგერის მუნიციპალიტეტში 12 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, მათ შორის ხუთი თავად ამ საბედნიერო სუფრის მონაწილეებშია, დანარჩენი კონტაქტები უკვე გავიდა ცაგერს გარეთაც. ერთობლიობაში, ქუთაისსა და ზუგდიდში გვაქვს შემთხვევა, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია ქორწილთან. სულ 18 შემთხვევაა, რომლებიც ამ სადღესასწაულო ღონისძიებას უკავშირდება. ამიტომ, მართებულია მიღებული გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დროებით თავი უნდა შევიკავოთ ამ ტიპის ფართომასშტაბიანი სუფრებისგან. რამდენადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ასეთი ორი დიდი ღონისძიებიდან გვაქვს ჩამოყალიბებული კლასტერული ჯგუფები. მესმის, რთულია ადამიანებისთვის ამის ახსნა, როდესაც ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის ემზადებიან, მაგრამ კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, თავი შევიკავოთ დიდი შეკრებებისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.