ამირან გამყრელიძე - ბოლო თვის განმავლობაში ინფექციის ცირკულაციის ინტენსივობა მცირდება, რაც კარგია, მაგრამ ამას სჭირდება შენარჩუნება
ინფექციის ცირკულაცია ქვეყანაში მცირდება, მისი ცირკულაციის ინტენსივობა მცირდება, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, რამდენიმე ინდიკატორი, როგორიცაა ინციდენტობისა და დადებითობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, ეს ყველაფერი ბოლო თვის განმავლობაში სტაბილიზაციისკენ მიდის.
„მე ხშირად გესაუბრებით ხოლმე, რომ რამდენიმე ინდიკატორია, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ეპიდსიტუაციის დახასიათებისთვის, ეს არის მაგალითად, ინციდენტობის მაჩვენებელი, ახალი შემთხვევები 14 დღეში, დადებითობის მაჩვენებელი, საწოლფონდის დატვირთვის მაჩვენებელი, რესპირატორებზე, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფ ავადმყოფთა რაოდენობა და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი ბოლო თვის განმავლობაში მიდის სტაბილიზაციისკენ, ანუ სტაბილურად მცირდება მონაცემები. რაც ნიშნავს, რომ ინფექციის ცირკულაცია ქვეყანაში მცირდება, მისი ცირკულაციის ინტენსივობა მცირდება. რაც კარგია, 669 შემთხვევა ჩვენი პატარა ქვეყნისთვის სერიოზულია და ამას შენარჩუნება სჭირდება იმ ფრთხილი პოლიტიკითა და ნაბიჯებით, რომელიც უნდა გადაიდგას ერთობლივად“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.