ამირან გამყრელიძე - ბევრი მოწოდების მიუხედავად, 22:00 საათის შემდეგ ქეიფებმა თბილისიდან მცხეთაში გადაინაცვლა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ვირუსთან წინააღმდეგ ბრძოლაში რეკომენდაციების დაცვის მნიშვნელობაზე.
მისივე თქმით, მოწოდების მიუხედავად, ახლა უკვე 22:00 საათის შემდეგ შეკრებები მცხეთაში ფიქსირდება.
„პირბადეზე უკეთესი არაფერია, ყველაზე კარგად იცავს. უნდა მივეჩვიოთ, შინ და გარეთ ყველამ ვატაროთ პირბადე, არ შევიკრიბოთ. მიუხედავად ბევრი მოწოდებისა, ქეიფებმა ახლა თბილისიდან 22:00 საათის შემდეგ მცხეთაში გადაინაცვლა. არ შეიძლება ამის კეთება, გთხოვთ კიდევ ერთხელ, ცეცხლს ვეთამაშებით. ამ შეკრების დროს ხდება ძირითადი გავრცელება. თუ დავიცავთ ყველა წესს, დამერწმუნეთ, შედარებით ნაკლები დანაკარგით გავალთ ამ ეპიდემიიდან“, – განაცხადა გამყრელიძემ.
მთავრობის გადაწყვეტილებით, 16 ოქტომბრიდან თბილისსა და იმერეთის რეგიონში რესტორნები, ასევე ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე მუშაობს.