ამირან გამყრელიძე - კორონავირუსით ინფიცირებული 18 უსიმპტომო პაციენტი ბათუმში საკარანტინო სივრცეში უკვე გადაიყვანეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს მსჯელობა ტესტირების კიდევ უფრო გაფართოებასთან დაკავშირებით.
„ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სექტემბერში ყოველდღიური ტესტირების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს შვიდი ათასამდე და ამას ემატება ყოველდღიურად 1600-მდე სწრაფი ტესტით ტესტირება. ტესტირება უფრო მეტად გაფართოვდება, რათა ადამიანებისთვის გაცილებით ხელმისაწვდომი იყოს, რომ როდესაც მოუნდებათ, მივიდნენ და აიღონ ტესტი. ტესტირება საჭიროა, რათა ადრეულ ეტაპზე გამოვავლინოთ იგივე მსუბუქი და უსიმპტომოდ მიმდინარე შემთხვევები, რათა დროულად მოვახდინოთ მათი იზოლირება“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, გამყრელიძის თქმით, ძალაში შედის ახალი მართვის მექანიზმი, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი და უსიმპტომო შემთხვევები, კლინიცისტების გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, სასტუმროს კარანტინის პირობებში იმართოს.
„მათ მკურნალობა თითქმის არ სჭირდებათ. ვინც გადადის საკარანტინო სივრცეში მართვისთვის, მას მკურნალობა, როგორც ასეთი, არ სჭირდება. მათ ძირითადად სჭირდებათ სამედიცინო მეთვალყურეობა. რა თქმა უნდა, იქ არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც სწარაფად უზრუნველყოფს მათ გადაყვანას საავადმყოფოში, თუ ამის საჭიროება იქნა. დღეს ბათუმში უკვე დაიწყო და პირველი 18 უსიმტპომო პაციენტი უკვე გადაყვანილ იქნა საკარანტინო, სასტუმრო სივრცეში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 180 საწოლია მობილიზებული.
„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო საკმაოდ დიდია, 180 საწოლია. ამავდროულად, ბათუმში არის კიდევ ერთი ინფექციური საავადმყოფო, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობენ და არის ასევე მესამე საავადმყოფო, სადაც ვმკურნალობდით გაზაფხულზე და არ არის პრობლემა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.