ამირან გამყრელიძე - არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად შეიძლება, კორონავირუსის ინტენსივობამ იკლოს
საქართველოში ბოლო ორი დღის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, თებერვლის დასაწყისიდან საქართველოში დაფიქსირდა 217 შესაძლო შემთხვევა, რომელიც იყო და არის დაკვირვების ფაზაში.
„აქედან ფიქსირდება მხოლოდ სამი დადებითი შემთხვევა. ბოლო ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა კორონავირუსული ინფექციის. სამი პაციენტი, რომელიც მოთავსებულია ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში, თავს კარგად გრძნობს, მხოლოდ ერთთან არის მცირე სიმპტომები, მაგრამ სამივეს ზოგადი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა გამყრელიძემ.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, კარანტინში დღევანდელი მდგომარეობით, 150-მდე ადამიანი იმყოფება.
„ისინი განთავსებული არიან სხვადასხვა საკარანტინო სივრცეში – აბასთუმანი, საჩხერე, ტუბერკულოზის ცენტრის ბავშვთა განყოფილება, „ვივამედი“, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალი და ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო თბილისში. შესაძლო ნიშნებით, კლინიკური სიმპტომებით, ცენტრალურ ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტი არის მოთავსებული, ხუთი – სეფსისის ცენტრში და შვიდი – ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოებში, სადაც ინფექციური პროფილის ორი კლინიკაა“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად მოსალოდნელია თუ არა კორონავირუსის გავრცელების შემცირება, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, ვირუსის ინტენსივობამ იკლოს, თუმცა, ამირან გამყრელიძე ასევე განმარტავს, რომ კორონავირუსის აღნიშნული ქვეტიპი ახალია და მისი ქცევის ფორმატი მეცნიერებმა ჯერ კარგად არ იციან.
„ეს ინფორმაცია მითი არ გახლავთ, რადგან რესპირაციული ვირუსია და ზოგადად, რესპირაციული ვირუსებისთვის დამახასიათებელია სეზონურობა. არის პროგნოზი, რომ ტემპერატურის მომატებასთან ერთად, შეიძლება, ამ ვირუსის ინტენსივობამ იკლოს, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ვირუსის ეს ქვეტიპი და შტამი ახალია, რომლის ისტორიაც მხოლოდ ორი თვეა. ჯერ არ იციან მეცნიერებმა კარგად ამ ვირუსის ქცევის ფორმატი. აქედან გამომდინარე, ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ, დიდი ალბათობით, ამ ვირუსის ვირულენტობა თანდათან შემცირდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, მისი ინფორმაციით, დღეს დილიდან, სხვადასხვა კლინიკიდან ლუგარის ცენტრში გამოსაკვლევად 23 ნიმუში შევიდა, ყველა მათგანზე პასუხი უარყოფითია. ნიმუშები გაგზავნილი იყო ძირითადად ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოდან, ასევე ქუთაისისა და ბათუმის ერთი შემთხვევა. ლუგარის ცენტრში ამ დროისთვის დამატებით კიდევ ექვს ნიმუშს იკვლევენ.