ამირან გამყრელიძე - არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდება, ყველა ჩვენგანმა მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოვიხადოთ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდებს.
როგორც გამყრელიძემ განაცხადა, საარჩევნო პროცესი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით უსაფრთხო იქნება, ამიტომ მოსახლეობამ საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უნდა მოიხადოს.
„ძალიან ბევრ ქვეყანაში ჩატარდა არჩევნები. ცესკო-ს დადგენილება, რომელიც პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებას ეხება, შემუშავებულია საერთაშორისო რეკომენდაციების ფარგლებში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა გაითვალისწინებს იმ რეკომენდაციებს, რაც მოწოდებულია. მთავარია, რომ ყველა ვიყოთ პირბადით, დავიცვათ დისტანცია. ვფიქრობ, უსაფრთხო იქნება არჩევნების პროცესი. არჩევნები ოთხ წელიწადში ერთხელაა, წელს ვირჩევთ ახალ პარლამენტს, ამიტომ ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მოვიხადოთ მოქალაქეობრივი ვალი“, – განაცხადა გამყრელიძემ.