ამირან გამყრელიძე - არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არსებობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტრო ვაქცინებთან დაკავშირებით რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომხდარ შემთხვევებს სწავლობს.
გამყრელიძის განმარტებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით სამინისტროს შიდა აუდიტის წარმომადგენლები დღეს პირველად იმყოფებოდნენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში და დოკუმენტაცია მოითხოვეს.
მისივე თქმით, „ასტრაზენეკას“ გამქრალ ვაქცინებზე საუბარი სიმართლეს არ შეესაბამება.
„არაფერი არ გამქრალა და არაფერი არ აღმოჩენილა, გიდასტურებთ მხოლოდ იმას, რომ სამინისტრო სწავლობს შემთხვევებს, რაც მოხდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ზოგადად იმ ფაქტს, რომ არის დეფიციტური ხარჯვა. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას, დღეს გახლდნენ ჩვენთან პირველად, ხოლო თვითონ აუდიტის სამსახური უკვე რამდენიმეა თვეა, ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს. ეს არის ე.წ. ყოველწლიური შესწავლა, მაგრამ გიდასტურებთ, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით შიდა აუდიტი დღეს პირველად, დილით 10:00 საათზე იყო ჩვენთან. მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია. არავითარი დანაკლისი და არავითარი გამქრალი ვაქცინები არ გახლავთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ასევე, ამირან გამყრელიძემ განმარტა, რატომ შეიქმნა ვაქცინებთან დაკავშირებით გარკვეული დეფიციტი 30 ივნისამდე მეორე და პირველ აცრაზე ჩაწერილი 5 000-მდე ადამიანისთვის.
„საქმე იმაშია, რომ კოვაქსიდან ჩვენ ორჯერ მოგვეწოდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, ერთი 13 მარტს – 43 200, მეორე აპრილის შუა რიცხვებში – 43 200, მესამე პარტია უნდა შემოსულიყო ჯერ მაისის შუა რიცხვებში, შემდეგ გადაიწია ივნისის დასაწყისისთვის, შემდეგ 22 ივნისისთვის. იმის გამო, რომ 22 ივნისს ვერ მოხერხდა მოწოდება, და მიზეზი გახდა ის, რომ, როგორც ინფორმირებული ვარ, იმ ქარხანაში, რომლიდანაც უნდა ყოფილიყო მოწოდება, თავად გაერო-ს ბავშვთა ფონდმა ვერ მიიღო შესაბამისი დოზები და ვერ შემოვიდა მესამე პარტია ქვეყანაში, აღმოჩნდა გარკვეული დეფიციტი 4 000-დან 5 000-მდე მეორე და პირველ აცრაზე 30 ივნისადმე ჩაწერილი ადამიანებისთვის…არავითარი ვაქცინა საქართველოში არ გამქარალა, პირიქით, ჩვენ გვჭირდება მეტი ვაქცინა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.