ამირან გამყრელიძე - არასდროს გავურბივარ არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას, თუ მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ, რჩევას სიამოვნებით მივიღებ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, არასდროს გაურბის არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას.
ამის შესახებ გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კითხვაზე: „ოპოზიციონერები, რომლებიც ჯანდაცვის თემაზე მუშაობენ, მოგიწოდებენ, არა მხოლოდ ბოდიში მოუხადოთ საზოგადოებას, არამედ აიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ხომ არ ხედავთ ამის საჭიროებას, თუ ელოდებით ჯანდაცვის შიდა აუდიტის კვლევის შედეგებს“, გამყრელიძემ განაცხადა, რომ მის საქმეს თუ ვინმე უკეთესად შეასრულებს, რჩევას სიამოვნებით მიიღებს.
„არასდროს გავურბივარ არც პოლიტიკურ და არც პიროვნულ პასუხისმგებლობას. უფრო დიდი თანამდებობებიდან წავსულვარ, ვიდრე დღეს მიკავია. ამიტომ მე ეს არც მაშინებს და არც მაკვირვებს. მხოლოდ და მხოლოდ მაინტერესებს, რომ ვინც ამისკენ მომიწოდებს, უკეთ უკეთებია თუ არა ოდესმე საქმე, ვიდრე მე ვაკეთებ დღეს. თუ ისინი მეტყვიან, რომ უკეთესად ჩამანაცვლებენ და უნდათ ჩემი პოზიციის დაკავება, მათ რჩევას სიამოვნებით მივიღებ. მაგრამ ჯერჯერობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობა მაქვს ქვეყნისა და ჩვენი მოსახლეობის წინაშე. როცა მოსახლეობა მეტყვის, რომ უნდა წავიდე, ვერ ვასრულებ ჩემს მოვალეობას, მაშინ ნამდვილად დავასწრებ და უფრო ადრე წავალ, არ მინდა, პოლიტიკაში შევიჭრა, რადგან მოგეხსენებათ, ამ 30 წლის განმავლობაში ბევრ ინფორმაციას ვფლობ ქვეყანაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.