ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ფატალური გართულების შესწავლის მიზნით, საქართველოში „ასტრაზენეკას“ წარმომადგენლები ჩამოვიდნენ
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინის შემდეგ გართულებასთან დაკავშირებით რეგულირების სააგენტო ინფორმაციას მიაწვდის როგორც შვედეთში არსებულ წამლების გვერდითი მოქმედების მსოფლიო ცენტრს, ისე „ასტრაზენეკას“ და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას.
გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში ჩამოვიდნენ და ადგილზე შეისწავლონ ვითარება.
„ასეთი ფატალური გართულების შემთხვევაში, არსებობს დადგენილი წესი, შვედეთში არის წამლების გვერდითი მოქმედებების მსოფლიო ცენტრი, სადაც ამას აგზავნის რეგულირების სააგენტო. ასევე, როცა დამთავრდება სრული გამოკვლევა, ეცნობება თვითონ „ასტრაზენეკას“, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას. თავდაპირველად, იქ მიდის მოკლე რეპორტი, შემდეგ – უფრო გაფართოებული. არ არის გამორიცხული, მათი წარმომადგენლები ხშირად შემდგომ ჩადიან და ადგილზე სწავლობენ ვითარებას. თვითონ კომპანიაც და, რა თქმა უნდა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია დაინტერესებულია, ყველა დეტალი იყოს ამ დროს გარკვეული და ცნობილი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.