ამირან გამყრელიძე - არ დაგიმალავთ, რეგულაციების შემსუბუქების წინააღმდეგი ვიყავით, თუმცა საბჭომ დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო
არაფერი დასამალი არ არის, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვიყავით ზოგადად, შემსუბუქების, რადგან ტენდენცია უკეთესობისკენ იყო, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, საკოორდინაციო საბჭომ შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით დაბალანსებული გადაწყვეტილება მიიღო.
„თუმცა, ვიტყოდი, დაბალანსებული გადაწყვეტილება იყო. ჩვენ ექიმები ვართ და უპირველესი ჩვენთვის რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლეა. ამიტომ, რადგან ტენდენცია იყო უკეთესობისკენ და ამ მიმართულებით მივდიოდით, ზოგადად მიღებულია, რომ ეს შეზღუდვები, როგორც წესი, სულ მცირე ხუთი-ექვსი კვირა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ რიგი შეზღუდვები დავტოვეთ ძალაში და შემსუბუქება მინიმალური მოხდა. ის მხოლოდ დახურულ სავაჭრო ობიექტებს შეეხო.
ვიტყოდი, დაბალანსებულია, რადგან ხალხი ერთი მხრივ, გარკვეულწილად, დეპრესიულ მდგომარეობაშია, მეორე მხრივ, წინასაახალწლო პერიოდია, ამავე დროს, ბიზნესს მეტი სტიმული სჭირდება ამ დროს. ჩვენ არ ვართ მდიდარი ქვეყანა. რატომღაც ყოველთვის ვედრებით გერმანიას, საფრანგეთს, ბრიტანეთს, ამერიკას და ასე შემდეგ, მათ იმდენი აქვთ ეკონომიკური საშუალება, რომ შეუძლიათ ხანგრძლივი ლოკდაუნების უფლება მისცენ თავის თავს. ჩვენ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყანა ვართ და ამის უფლებას ვერ ვაძლევთ. ამიტომ, ამ დროს დანის პირზე გვიწევს სიარული. ერთი მხრივ, მოსახლეობის ჯანმრთელობა და მეორე მხრივ, მოსახლეობა კიდევ მეტად არ გაღარიბდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.