ამირან გამყრელიძე - არ არსებობს საფუძველი, ვთქვათ, რომ გლობალურად ეპიდემია მშვიდდება ან უკეთესობისკენ მიდის
ამირან გამყრელიძე - არ არსებობს საფუძველი, ვთქვათ, რომ გლობალურად ეპიდემია მშვიდდება ან უკეთესობისკენ მიდის

არ არსებობს საფუძველი, ვთქვათ, რომ გლობალურად ეპიდემია მშვიდდება ან უკეთესობისკენ მიდის, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„მოგახსენებთ გლობალურო ეპიდსიტუაციის შესახებ, ასევე, ჩვენთან და რეგიონში. ზოგადად, ეპიდსიტუაცია მთლიანად, გლობალურად არ მშვიდდება. პირიქით, ყოველდღიურ შემთხვევათა რიცხვი იმატებს ბოლო ორი კვირის განმავლობაში და ასეთი არ ყოფილა პანდემიის დაწყების პერიოდშიც. ახალ შემთხვევათა რიცხვი ყოველდღიურად 200 000 აჭარბებს და ეს ძირითადად ხდება მთელი რიგი ქვეყნების ხარჯზე. ეპიდემია და პანდემია სადაც დაიწყო – ჩინეთი ჩამოსულია უკვე დაახლოებით 24-ე ადგილზე და პირველი სამეული გახლავთ: აშშ, ბრაზილია და ინდოეთი. განსაკუთრებული ინტენსივობით იზრდება შემთხვევათა რაოდენობა ბრაზილიასა და ინდოეთში“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მისივე თქმით, გლობალურ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ერთადერთი პოზიტივი არის ის, რომ ახალ შემთხვევათა უმეტესი რაოდენობა შედარებით მსუბუქია.

„ამას ორი ინდიკატორი მიუთითებს. ერთი გახლავთ ის, რომ კლებულობს გლობალური სიკვდილიანობა, თუ იყო შვიდი პროცენტი მაისის დასაწყისში, დღეს ჩამოსულია 4.1 პროცენტზე. ასევე, სერიოზულად მომატებულია გამოჯანმრთელებულთა ხვედრითი წილი. თუ ის იყო რაღაც პერიოდში 40-45 პროცენტი საერთო ინფიცირებულების, დღეს გახლავთ 60 პროცენტი. ანუ, გლობალურად ეპიდსიტუაცია არ მშვიდდება, მოკლედ რომ ვთქვათ.

ჩვენთან, რეგიონს რაც შეეხება, რეგიონში და იმ ქვეყნებში, ვისთანაც ჩვენ პირდაპირი საზღვრები გვაქვს ან მუდმივი ეკონომიკური კავშირი, სამწუხაროდ, აქაც ეპიდსიტუაცია არასახარბიელოა. რუსეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში და თურქეთში, ყველგან ჯერჯერობით ეპიდემია აღმავალია. ერთადერთი თურქეთში და ზოგადად, ევროპის მთელ რიგ ქვეყნებში განიხილება სტაბილიზაციის გარკვეული ელემენტები, მაგრამ სერიოზულად არის გაზრდილი ახალ ინფიცირებულთა რაოდენობა ცენტრალური აზიის ქვეყნებში.

ამ მხრივ, განსაკუთრებით გამორჩევა ყაზახეთი, რომელიც შემთხვევათა რაოდენობით თითქმის მიუახლოვდა ჩინეთს. ასევე, სერიოზულია მდგომარეობა ყირგიზეთში, უზბეკეთსა და ტაჯიკეთში. ამავე დროს, კვლავ მაღალია შემთხვევათა რაოდენობა ბელარუსში. რეზიუმე რომ გავაკეთო გლობალური სიტუაციის, გლობალური სიტუაცია არასახარბიელოა. ამიტომ, ყოველნაირი მოშვების, რომ გლობალურად ეპიდემია ვთქვათ, მშვიდდება ან უკეთესობისკენ მიდის, ამის საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, რაც შეეხება საქართველოს, ჩვენთან ეპიდსიტუაცია მართვადია და დღესაც ემორჩილება კონტროლს.

„ბოლო 10 დღის განმავლობაში, შემთხვევათა რაოდენობა ჩვენთან მანამდე თუ იყო დღეში 2-3-4, ახლა გვაქვს უფრო მომატებული, რაც საყურადღებო ინდიკატორია და აუცილებლად ამაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ბოლო დღეების განმავლობაში, გვაქვს 10-11 შემთხვევა, გვაქვს რვა შემთხვევა ყოველდღიურად. დღეს ახალ შემთხვევათა რაოდენობა გახლავთ 10 და საერთოდ, დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა ქვეყანაში გვაქვს 1 049 დღეისთვის. დღეს არის ახალდადასტურებული 10, აქედან ხუთი დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, სამი ერთ-ერთი ყველაზე ისეთი წერტილიდან, რომელიც ასე ვთქვათ, ცხელდება – ეს გახლავთ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლება. სამი შემთხვევა არის იმპორტირებული და ერთი გახლავთ სატვირთო ავტომობილის მძღოლი, ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა“, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.