ამირან გამყრელიძე - მილიონ-ნახევარი დოზა ვაქცინა რომ გვქონდეს, 70 პროცენტამდეც ვერ გამოვიყენებდით, ქვეყანაში აცრის კულტურა არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე განმარტავს, რატომ არ შეიძინეს გაცილებით ადრე გრიპის სეზონური ვაქცინა. მისი თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას, რა შტამის ვაქცინა უნდა დამზადდეს, მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისისკენ იძლევა და ამის შემდეგ ხდება ვაქცინის დამზადება.
ამასთან, როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის აცრის კულტურა და შესაბამისად, გასულ წლებში ვაქცინის გარკვეული ნაწილი აუთვისებელი დარჩა.
„გრიპის ვაქცინა მზადდება აგვისტოს ბოლოს, რადგან ვაქცინა ყოველ წელს შტამის შემადგენლობიდან იცვლება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია რეკომენდაციას, რა შტამის ვაქცინა უნდა დამზადდეს, დაახლოებით მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში იძლევა. შემდეგ იწყებენ ვაქცინის წარმოებას. ჩვენ ქვეყანაში გრიპის ვაქცინაცია დავიწყეთ 2015 თუ 2014 წლიდან. პირველ წელს 5 000 დოზა შემოვიტანეთ, მეორე წელს 10 000, მესამე წელს 15 000, მომდევნო წელს 20 000, შემდეგ 40 000. მახსოვს, 40 000 დოზა რომ შემოვიტანეთ, 2 000 აუთვისებელი დაგვრჩა. ასევე, შარშან შემოვიტანეთ 100 000 დოზა. დაახლოებით 300-დან 502-მდე აუთვისებელი დარჩა, მიუხედავდ იმისა, რომ კამპანია ძალიან გავააქტიურეთ და თავისუფალი დღეებიც გამოვაცხადეთ, ვინც რისკჯგუფებში არ შედიოდა, აცრილიყვნენ.
წელს ბევრი მსჯელობა იყო. რაღაც ნაწილში გეთანხმებით, გავასამმაგეთ შემოტანილი ვაქცინის დოზა. ჩვენ რომ გრიპის აცრის ის მაჩვენებელი გვქონდეს, როგორიც აქვს ვთქვათ, საფრანგეთს (დღეს რიგია საფრანგეთში გრიპის აცრაზე), ამერიკის შეერთებულ შტატებს, დაახლოებით მოსახლეობის 60 პროცენტს უნდა ვცრიდეთ. დღეს რომ ქვეყანაში მილიონ-ნახევარი დოზა ვაქცინა იყოს, დაახლოებით, 70 პროცენტს ვერ გამოვიყენებდით, რადგან ქვეყანაში აცრის კულტურა არ არის. ამიტომ, შევხედოთ, 300 000 დოზა გრიპის სეზონური ვაქცინა იქნება და რამდენი აიცრება. რა თქმა უნდა, გასაგებია, რომ კოვიდის პირობებში, გაცილებით მეტი აიცრება. გვაქვს მოლაპარაკებები, იმ შემთხვევაში, თუ დაგვჭირდა, ნოემბერში დამატებითი დოზები შევიძინოთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.