ამირან გამყრელიძე - ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, „ტამიფლუ“ 80 ადამიანზე გაიცა
ამირან გამყრელიძე - ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, „ტამიფლუ“ 80 ადამიანზე გაიცა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის, საქართველოს მასშტაბით, პრეპარატი „ტამიფლუ“ 80 ადამიანზე გაიცა.

როგორც გამყრელიძე ამბობს, თუ აქამდე პრეპარატის მიღება მხოლოდ ექიმის მიერ გაცემული ფორმა N100-ის საშუალებით ხდებოდა, ხვალიდან ფორმა N100-ი სამედიცინო ცენტრმა უნდა გასცეს.

„მარაგი არის ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში და გაფართოვდა გაცემის არეალი. ადამიანთა ჯგუფები, ვისზეც უფასოდ უნდა გაიცეს „ტამიფლუ“, არიან ორსულები, სოციალურად დაუცველები, პენსიონრები, ბავშვები და ამავე დროს ქრონიკული დაავადებით ავადმყოფები. გუშინ და გუშინწინდელი მონაცემებით, რაც მაქვს საქართველოს მასშტაბით, „ტამიფლუ“ 80 ადამიანზე გაიცა. მათ შორის ყველაზე მეტი გახლავთ ორსულები.

დავუშვით გამონაკლისი, რადგან დასვენების დღეებია, ფორმა N100 დადასტურებული ყოფილიყო ექიმის პირადი ბეჭდით და არა სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით, მაგრამ ხვალიდან, ეს უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით გაცემული ფორმა N100 და შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ინფორმაცია“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, „ტამიფლუ“ მიიღება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით და თვითმკურნალობა აღნიშნული პრეპარატით არ შეიძლება.

ამასთან, გამყრელიძის ინფორმაციით, გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი დაახლოებით 21 ერთეულით შემცირდა.

„გასული კვირის მონაცემებით, ავადობის მაჩვენებელი ასი ათას მოსახლეზე გვაქვს 256, ანუ შემცირებულია დაახლოებით 21 ერთეულით, მაგრამ კვლავ რჩება მაღალი მაჩვენებელი მძიმე რესპირატორული ინფექციის გამო ჰოსპიტალიზაციის. ესეც შემცირებულია ერთი კვირის წინანდელ მაჩვენებელთან შედარებით 41%-დან 33%-მდე, მაგრამ 33%-იც საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება“,- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.