ამირან გამყრელიძე - ამ დაავადებასთან ბრძოლის სხვა გამოცდილება არც ერთ ქვეყანას არ აქვს, ვინც შედეგს მიაღწია, ეს სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით შეძლო
ეს ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, ბებიებისა და ბაბუების, და მომავალი თაობების ჯანმრთელობა. თუ ყოველივე ამას დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო გამოვა ამ პანდემიიდან ძალიან ნაკლები დაზიანებით, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, მესმის, რთულია საგანგებო მდგომარეობის დროს ცხოვრება, მესმის, რთულია მანქანების მოძრაობის აკრძალვის ერთი კვირით კიდევ გადავადება და გაგრძელება, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერჯერობით, გარდა ამ სოციალური დისტანცირებისა და შეზღუდვებისა, ამ დაავადებასთან ბრძოლის სხვა გამოცდილება არც ერთ ქვეყანას არ აქვს და ვინც შედეგს მიაღწია, ეს სწორედ ამ შეზღუდვებით და სოციალური დისტანცირებით შეძლო, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ახალი კორონავირუსის ვაქცინა, ასევე პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული მედიკამენტი ჯერ არ არსებობს.
„იცით, რომ მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, მაგრამ ვაქცინა არ იქნება კიდევ ერთი წელი მაინც. ჯერჯერობით პირდაპირი დანიშნულების ეტიოტროპული პრეპარატი, რომელიც ამ ვირუსს უშუალოდ კლავს, არ გახლავთ დამზადებული, მაგრამ დარწმუნებული იყავით, შემოდგომაზე ის იქნება უკვე საზოგადოების ხელში და უფრო ადვილად გავუმკლავდებით ამ კორონავირუსული ინფექციის ტალღებს, ვთქვათ, თუ იქნა შემოდგომაზე, ან როცა იქნება, შემდგომ წლებში. მოგეხსენებათ, დღეს სამედიცინო ტექნოლოგიები ძალიან განვითარებულია და ამის იმედი ყველას აქვს. ამიტომ კიდევ ერთხელ უმორჩილესად გთხოვთ, დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რაც დღეს გაჟღერდა საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში და გაგვიწიეთ ანგარიში ექიმებს კიდევ ერთხელ. ეს ღონისძიებები არის მიმართული იმისკენ, რომ დავიცვათ თქვენი მშობლების, თქვენი ბებიებისა და ბაბუების, და მომავალი თაობების, რაც მთავარია, ჯანმრთელობა. თუ ამას ყველაფერს დავიცავთ, დარწმუნებული იყავით, რომ საქართველო გამოვა ამ პანდემიიდან ძალიან ნაკლები დაზიანებით“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.