ამირან გამყრელიძე - ახალგაზრდა თაობას ვთხოვ, აქტიურად გამოიყენონ ახალი აპლიკაცია, რათა მშობლებს და ბებია-ბაბუებს ნაკლებად გადასდონ ინფექცია
მობილური აპლიკაციებით სხვადასხვა დაავადების, მათ შორის, ეპიდემიების მართვა დღეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა ცივილიზებულ მსოფლიოში, – ამის შესახებ საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ფეისბუქლაივის დროს განაცხადა.
„დღეს იქნა წარდგენილი ძალიან კარგი სატელეფონო აპლიკაცია, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია. ის შექმნილია ძალიან ძლიერი ჯგუფის მიერ ავსტრიელებთან კონსულტაციით, რომელიც გამოიყენა უკვე რამდენიმე ქვეყანამ. ვფიქრობ, ამ დაავადების მართვისთვის წაადგება ჩვენს ქვეყანას, რამეთუ ე.წ. მობილური სატელეფონო აპლიკაციებით სხვადასხვა დაავადების და მათ შორის, ეპიდემიების მართვა დღეს უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა ცივილიზებულ მსოფლიოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ახალგაზრდებს ახალი აპლიკაციის აქტიურად გამოყენებისკენ მოუწოდა.
„დარწმუნებული ვარ, ამ აპლიკაციებს უფრო აქტიურად გამოიყენებს ახალგაზრდა თაობა, ძალიან კარგია და მინდა, მივმართო ახალგაზრდა თაობას, რომ ჩვენთან, პირველ ეტაპზე ინფექციის გავრცელებისგან განსხვავებით, ინფექციის შედარებით მეტი კონცენტრაცია იყო ახალგაზრდა თაობაში, ანუ 20-დან 40 წლამდე მოსახლეობაში, რომლებიც აქტიურად მოგზაურობენ და ვინც სწორედ შემოიტანა შემდგომ ინფექცია ქვეყანაში, ანუ მოახდინა ინფექციის იმპორტი. ისინი ძალიან კარგად არიან გათვითცნობიერებული ნებისმიერ სოციალურ ქსელში, მათ შორის, რა თქმა უნდა, აპლიკაციების გამოყენებაში. თანდათან მათ გადასდეს ეს ინფექცია თავიანთ მშობლებს, თავიანთ ბებიებს, ბაბუებს და სწორედ ამ ხალხისთვის, ჩემი თაობისთვის არის უკვე სიფრთხილო ეს ინფექცია, უფრო მეტი გართულებების რისკი. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვთხოვ ახალგაზრდა თაობას, გამოიყენონ ეს აპლიკაცია უფრო აქტიურად, რათა თავის მშობლებს და ბებია-ბაბუებს ნაკლებად გადასდონ ინფექცია. ხოლო ჩემი თაობა და ჩემზე უფროსი თაობა მოწოდებაა და კანონით ეკუთვნით უკვე მათ, 70 წელზე ზემოთ ადამიანებს, რომ ისინი ისხდნენ სახლში“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, აპლიკაცია STOP COVID შეიქმნა, რომლის მიზანი Covid-19-ის ადრეული გამოვლენა და პრევენციაა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, STOP COVID აპლიკაცია იძლევა საშუალებას, შევაკავოთ ვირუსის გავრცელება კონტაქტირებული პირების დროული ინფორმირებით. აპლიკაცია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, გაიგოს იმყოფებოდა თუ არა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
ამასთან, უკვე შექმნილია აპლიკაციის გამოყენების ვიდეოინსტრუქცია.