ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ წელს სეზონური გრიპის ვაქცინაცია გაფართოვდება
საქართველომ გააფორმა ხელშეკრულება სეზონური გრიპის საწინააღმდეგო, ფრანგული წარმოების, 4-კომპონენტიანი ვაქცინის შეძენასთან დაკავშირებით, პრეპარატი ქვეყანაში სექტემბრის მეორე ნახევარში ან ოქტომბრის პირველ ნახევრამდე პერიოდში შემოვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
მისი თქმით, საუბარია 135 ათას ვაქცინაზე, რომელიც რისკჯგუფებში შემავალ პირებს გაუკეთდებათ.
მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა ალტერნატიულ გზებზე, რათა ქვეყანამ ვაქცინის დამატებითი პარტიები შემოიტანოს.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ეს რაოდენობა 35 ათასით აღემატება გასულ წელს, სახელმწიფოს მიერ შეძენილი ვაქცინების რიცხვს.
რაც შეეხება კერძო სექტორს, რომელსაც ვაქცინები ბაზარზე რეალიზაციის მიზნით შემოაქვს, გამყრელიძის განცხადებით, კომპანიებმა შარშან 40 ათასამდე ვაქცინა შეიძინეს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, ეს რაოდენობა წელს გაიზარდოს. თუმცა, როგორც ამირან გამყრელიძე აცხადებს, მსოფლიოში ზოგადად აღნიშნული ვაქცინების დეფიციტია.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოსახლეობას მიმართავს რეკომენდაციით, აქტიურად აიცრან გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით, განსაკუთრებით კორონავირუსის მეორე ტალღის საფრთხის პირობებში, როდესაც შესაძლოა, სეზონური ვირუსებისა და ახალი კორონავირუსის ზედდება მოხდეს.
მისივე თქმით, ამჟამად მიმდინარეობს რისკჯგუფებზე დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში მოხდება ამ კატეგორიის გაფართოება.