ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ლაბორატორიულად  დადასტურებული არ არის
ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ლაბორატორიულად დადასტურებული არ არის

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი დადასტურებული არ არის.

„ლაბორატორიულად არ დაფიქსირებულა. გიდასტურებთ, რომ ჩვენთან მიმდინარეობს შტამებზე მუშაობა და ალბათობა იმისა, რომ იყოს ქვეყნაში ინდური შტამი, ნამდვილად არის. მაგრამ, ჯერჯერობით არის მხოლოდ ბრიტანული შტამი. ამ წუთისთვის ლუგარიდან ინდური შტამის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ მაქვს.

ქვეყანაში დღეს მუშაობს  50-მდე ლაბორატორია. მათ შორის შესაძლოა, აკეთებდნენ შტამების დიფერენცირებას. ჩვენი ლაბორატორიის, ლუგარის მაგალითზე გეუბნებით, ჩვენთან ამ ეტაპამდე ინდური შტამის იდენტიფიკაცია არ მომხდარა, მაგრამ ალბათობა, რომ იყოს, არსებობს.

ძალიან გთხოვთ, ინდურ შტამზე დიდ აჟიოტაჟს ნუ შევქმნით, რადგან თვითონ ინდოეთში ძლიერი ეპიდაფეთქება მხოლოდ ინდური შტამით არ არის გამოწვეული. იქ პრეველირებს ბრიტანული შტამი. ეგრეთ წოდებული ორმაგი მუტაცია, რასაც ეძახიან ინდურ შტამს, არის, მაგრამ ის უმცირესობაშია. უმრავლესობაში არის ეგრეთ წოდებული ბრიტანული შტამი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს შტამები რაღაც დროს ყველა ქვეყანაში გაჩნდება. ის ვაქცინები, რაც ადმინისტრირდება, მეტ-ნაკლები ეფექტურობით ფარავენ მუტირებულ შტამებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მწვანე პასპორტებს, გამყრელიძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ შემუშავებულია კონცეფცია, რომელსაც უახლოეს დღეებში ჯანდაცვის სამინისტროში განიხილავენ, შემდეგ კი დასამტკიცებლად საკოორდინაციო საბჭოს წარედგინება.

„მოგეხსენებათ, აქტიურად ვმუშაობთ მწვანე სერტიფიკატის, პასპორტთან მიმართებით. საკითხი ამ დღეებში იქნება განხილული ჯანდაცვის სამინისტროში. წარდგენილი იქნება შემუშავებული მწვანე სერტიფიკატის კონცეფცია. შესაბამისად, შემდგომ საკოორდინაციო საბჭოზე იქნება წარდგენილი და მიიღება გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა გამყრელიძემ.