ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ სამედიცინო პერსონალის ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება, მათ შორის საყოფაცხოვრებო შემთხვევების
საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევიდან 362 სიმპტომიანი პაციენტია. ამასთან, როგორც გამყრელიძემ განაცხადა, ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი ადამიანები იზოლაციაში უნდა გადავიდნენ, ხოლო ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, 112-ს მიმართონ.
ასევე, გამყრელიძის თქმით, საქართველოში სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა მოიმატა.
„სამიზნე ჯგუფების მიხედვით, ძირითადად ახალი შემთხვევებიდან მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდკლინიკებს. 680 შემთხვევიდან 362 სწორედ სიმპტომიანი პაციენტია. მეორე ყველაზე დიდი ჯგუფი ახალინფიცირებულებისა არის კონტაქტში მყოფი ადამიანები, 167-ია მათი რაოდენობა. ამიტომ, ყველა ინფიცირბულთან კონტაქტში მყოფი ადამიანი არ უნდა ეძებდეს საშუალებას, ტესტი მეორე დღესვე ან იმ დღესვე ჩაიტაროს. აუცილებელია, ის დარჩეს იზოლაციაში 12 დღის განმავლობაში და თუ ეწყება „კოვიდისთვის“ დამახასიათებელი რომელიმე სიმპტომი, უნდა მიმართოს 112-ს. ინფიცირებულებიდან ორი გვყავდა დიალიზზე.
სამწუხაროდ, იზრდება ჩემი კოლეგების დაინფიცირების მაჩვენებელი, როგორც პროფესიული, ისე საყოფაცხოვრებო, უფრო მეტია საყოფაცხოვრებო შემთხვევები, რადგან შიდა გავრცელება ინტენსიურია. თვითიზოლაციიდან 14 დადებითი გვყავდა, იუსტიცია, შსს-ს ხუთი თანამშრომელი, სამი სატვირთოს მძღოლი, ასევე სხვა რისკჯგუფები 70-მდე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.