ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა მეტი მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს გააცნეს რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ შევიდეს ძალაში
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სახმელეთო საზღვრების გახსნასთან ერთად, მაქსიმალურად უნდა იქნას ვირუსის გავრცელების რისკები გადაზღვეული.
სწორედ ამიტომ, როგორც გამყრელიძე ამბობს, ქვეყანაში შემოსულ ადამიანთა მეტი მონიტორინგისა და ზედამხედველობის მიზნით, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციები გააცნეს.
მისივე თქმით, რეკომენდაციები შესაძლოა, ორი კვირის შემდეგ შევიდეს ძალაში.
„რისკები მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ყველა შემოსულ ადამიანზე, მხედველობაში მაქვს ორჯერადად აცრის შემდეგ „პისიარ“ ტესტის ჩატარება. ასევე, ჩამოსვლიდან მესამე დღეს „პისიარ“ ტესტის გაკეთება.
დღეს საბჭოზე გავაჟღერეთ სხვა რეკომენდაციები, რომლებიც შესაძლებელია, რომ ორი კვირის შემდეგ შევიდეს ძალაში. წინასწარ ვერ ვისაუბრებ, რა რეკომენდაციებია ესენი. თუმცა ყველაფერი ეხება შემოსულ ადამიანთა მეტ მონიტორინგსა და ზედამხედველობას, რათა მაქსიმალურად მინიმიზაცია იქნას ქვეყანაში ინფიცირებული ადამიანების შემოსვლის რისკების, ან თუ შემოვიდა, დროულად იქნას იდენტიფიცირებული და იზოლირებული. გასაგებია, რომ იხსნება საზღვრები, ტურისტული სეზონი იქნება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკისთვის, მაგრამ, მეორე მხრივ, მომავალი ეპიდაფეთქების რისკი მაქსიმალურად უნდა გადავაზღვიოთ “, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.