ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ორჯერადად აცრილი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის წესების გაუქმება განიხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსზე ორჯერადად ვაქცინირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ თვითიზოლაციის წესების გაუქმება განიხილება.
აღნიშნულით გამყრელიძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც ორი დოზით იქნებიან აცრილი, თუ განიხილავთ, რომ მოგზაურობიდან დაბრუნების შემდეგ მათთვის გაუქმდეს სავალდებულო თვითიზოლაციის წესები, ხომ არ დგას საკითხი დღის წესრიგში.
გამყრელიძის თქმით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს 31 ათასამდე მოქალაქეა ორჯერადად აცრილი.
„დიახ, მოგეხსენებათ, დღევანდელი მონაცემებით, 31 ათასამდე ორჯერადად აცრილი საქართველოს მოქალაქე გვყავს. შესაბამისად, ეს საკითხი, რა თქმა უნდა, იქნება განხილვის საგანი, რადგან უკვე გარკვეული რაოდენობა დაგროვდა ადამიანებისა, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი. ამიტომ განიხილება მათთვის შესაბამისი ცნობების გაცემა. ამ ცნობებს ბევრი ადამიანი უკვე იღებს იმ კლინიკებში, სადაც აიცრნენ, ასევე ჩვენთანაც“, – განაცხადა გამყრელიძემ.