კორონავირუსზე ორჯერადად ვაქცინირებული პირებისთვის შესაძლოა, შეზღუდვების პერიოდში გარკვეული შეღავათები დაწესდეს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, შესაძლოა, იმ პირებისთვის, რომლებსაც კორონავირუსზე ორჯერადი აცრა ექნებათ ჩატარებული, შეზღუდვების პერიოდში გარკვეული სახის შეღავათები დაწესდეს.
როგორც გამყრელიძემ განმარტა, შესაძლოა, შეღავათი შეეხოს გადაადგილებასთან დაწესებულ შეზღუდვას, ან კიდევ გარე სივრცეში პირბადის ტარებას.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თამუნა კვარაცხელიას კითხვაზე: „თუ ადამიანმა მიიღო ვაქცინის ორივე დოზა, რამდენად შეუძლია მას დაუბრუნდეს ძველებურ ცხოვრებას“, გამყრელიძემ განაცხადა, რომ მომავალ კვირაში გეგმავენ, საკოორდინაციო საბჭოს მიმართონ ინიციატივით, რომ ორჯერადად აცრილ პირებს შეზღუდვების პერიოდში გარკვეული შეღავათები შეეხოთ.
„დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აპირებს, მომავალ კვირაში ქვეყნის საკოორდინაციო საბჭოში შევიდეს ინიციატივით, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ შესაბამისი შეღავათები შეზღუდვების პერიოდში. ამაზე ჩვენ ვმუშაობთ, რამდენიმე პუნქტი, რაც საერთაშორისო გამოცდილებით არის ცნობილი, იგივე კომენდანტის საათის დროს თავისუფალი გადაადგილება, უცხოეთში მგზავრობის დროს შესაბამისი დოკუმენტი, კიდევ სხვა ინცენტივები – რამდენიმე ასეთ ინიციატივაზე ვმუშაობთ, რომ ამ ადამიანებს და ზოგადად, საზოგადოებას ჰქონდეს მეტი დაინტერესება, სწრაფად, სრულად იყვნენ აცრილი. მოგეხსენებათ, ადამიანებს, რომლებიც ორჯერადად არიან აცრილი, მთელ რიგ ქვეყნებში გარე სივრცეებში პირბადე არ მოეთხოვებათ, მაგრამ მოეთხოვებათ დახურულ სივრცეებში. ასევე აქვთ შეღავათები კომენდანტთან და სხვა შეზღუდვებთან მიმართებით. ამიტომ ამაზე ჩვენ ვმუშაობთ. დარწმუნებული ვართ, მომავალი კვირის განმავლობაში, 15 მაისამდე დაახლოებით 14 000 ადამიანი იქნება სრულად აცრილი და რა თქმა უნდა, ამ ადამიანებს ქვეყნისგან მეტი სტიმული და შეღავათი უნდა ჰქონდეთ. პანდემია აცრის გარეშე არ დასრულდება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კიდევ ერთ კითხვაზე, როდის დაიწყება რეგისტრაცია „ასტრაზენეკას“ მეორე დოზაზე, გამყრელიძემ განაცხადა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მოსაზრებაა, სარეგისტრაციო პორტალი ხუთ მაისს გაიხსნას.
მისივე თქმით, ამ წინადადებას სამინისტროში წარადგენენ, რის შემდეგაც საკითხზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს.
„ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს შიდაკონსულტაციები გვქონდა. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ხუთ მაისს გაიხსნას პორტალი. ჩვენ ალბათ ამ მოსაზრებას სამინისტროში წარვადგენთ და ვფიქრობთ, იმუნიზაციის საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, – განაცხადა აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.