ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით, რუსეთისგან ჩვეულებრივი მიზანმიმართული პოლიტიკური გზავნილები ისმის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის, ალექსანდრ ლუკაშევიჩის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ რუსეთისგან ჩვეული მიზანმიმართული პოლიტიკური გზავნილები ისმის.
„ეუთო-ში რუსეთის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ე.წ. ეს ბიოლაბორატორიებიო, ამერიკულიო, ისევ ამას უსვამენ ხაზს, უკრაინასა და საქართველოში ჩვენს წინააღმდეგ მუშაობენ და ცდებს აწარმოებენ ადამიანებზეო, როგორც იციან. ამაზე პასუხი აღარც მინდა, ეს რუსების ჩვეულებრივი პოლიტიკური მესიჯია ხოლმე და, რა თქმა უნდა, ჩვენმა ძირითადმა პარტნიორმა ამაზე შესაბამისი პასუხი მისცა და ძალიან კარგია.
ეს არის ჩვეულებრივი მიზანმიმართული პოლიტიკური გზავნილები რუსეთისგან, რომ ვთქვათ, რატომ გეხმარებიან ამერიკელები ქართველებს. არ არის, ბატონო, ეს ამერიკული ბიოლაბორატორია. ქართულია, გადაგიყვანთ და გაჩვენებთ. ქართულია ეს ლაბორატორია და არის მიმართული იმისკენ, რომ დაიცვას მოსახლეობა სწორედ იმ ტიპის ინფექციური დაავადებებისგან, რაც ახლა მიმდინარეობს მთელ მსოფლიოში და კიდევ მსგავსი.
მიდით ნებისმიერ დროს ლუგარის ლაბორატორიაში. დილის 9 საათიდან მეორე დილის 9 საათამდე, იქ სამი გუნდი მუშაობს, რათა მხოლოდ ლუგარში ყოველდღიურად 1000 ადამიანი იყოს გამოკვლეული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ „საქართველოსა და უკრაინის ბიოლაბორატორიებში განსაკუთრებით საშიში პათოგენებით დახურული ექსპერიმენტები ტარდება ჭირისა და ჰემორაგიული ცხელების ჩათვლით“.