ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კიბერშეტევის შედეგად დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბაზები არ დაზიანებულა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არც ერთი ბაზა დაზიანებული არ არის, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობისთვის უცნობია, რა სახის ინფორმაცია იქნა წაღებული კიბერშეტევის შედეგად. ამასთან, არ არის ცნობილი, კომპიუტერულ სისტემაში უკანონო შეღწევის შედეგად მოპოვებული, რა სახის დოკუმენტაციაა ატვირთული ერთ-ერთ უცხოურ ვებგვერდზე, რაზეც შსს საუბრობს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს გამოძიება და მისთვის უცნობია, რა დონისა და მოცულობის ინფორმაცია იქნა წაღებული.
„ვიცით მხოლოდ ის, რომ დააზიანეს ჯანდაცვის უწყების საერთო სერვერი. ჯერჯერობით, სანამ გამოძიება არ დაადგენს, რა მოცულობის ინფორმაციაა წაღებული, ვერაფერს გეტყვით. ჩვენ ვიცით მხოლოდ ფაქტი, რაც მოხდა. ჩვენთან ბევრი ინფორმაციაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრს აქვს უზარმაზარი ბაზები – ცე ჰეპატიტის, კოვიდის, სიკვდილიანობის, კიბოს და ა.შ. ბაზები გადავამოწმეთ და არც ერთი არაა დაზიანებული“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
კითხვაზე, რომელი სახელმწიფო შეიძლება, იდგეს ამ ქმედების უკან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, ყველასთვის ცნობილია, რომელია ქვეყანა, რომელიც მსგავსი შეტევებით გამოირჩევა. რაც შეეხება რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ საქართელოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზებზე განხორციელებული კიბერშეტევა ამ ფაქტთანაც კავშირში იყოს.
„კარგად მოგეხსენებათ, ვინ ინტერესდება საქართველოთი, ლუგარის ლაბორატორიით და დაავადებათა კონტროლის ცენტრით. ხშირადაა მსგავსი და სხვა ტიპის შემოტევები. რაც შეეხება ნავალნის, არაფერია გამორიცხული, ლუგარი ჩვენი მეზობელი ქვეყნისთვის არის, ასე ვთქვათ, სამარაგო შემოტევის იარაღი და შესაძლოა, ეს ვერსიაც რეალური იყოს, რადგან მოგეხსენებათ, გერმანიამ ოფიციალურად გამოაცხადა ნავალნის მოწამვლის შესახებ. ამასთან, გუშინაც გაიჟღერა რუსეთის საინფორმაციო წყაროებში, რომ ნივთიერება „ნოვიჩოკი“ აქა და აქ მზადდება“, – აღნიშნა გამყრელძემ.
კითხვაზე, განხორციელებული კიბერშეტევა უქმნის თუ არა საფრთხეს გარკვეული ტიპის ინფორმაციის კონფიდენციალობას, გამყრელიძე ამბობს, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ყველა ინფორმაცია გამჭვირვალეა, თუმცა არ იქნება სასურველი, თუ რაიმე სახის პერსონალური ინფორმაციაა გაჟონილი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპიუტერულ სისტემაზე ერთ-ერთი უცხო ქვეყნიდან განხორციელდა კიბერშეტევა, რომლის მიზანს, შსს-ს ცნობით, წარმოადგენდა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და მის სტრუქტურულ ერთეულებში, მათ შორის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის მონაცემთა ბაზებში დაცული სამედიცინო ხასიათის დოკუმენტაციისა და პანდემიის მართვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაციის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება და გამოყენება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.